სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ”ქართული მწვანილი” ევროპულ ბაზრაზე გასასვლელად ემზადება.
როგორც ”ფორტუნას” კოოპერატივის დირექტორმა პაატა ჭარაქაშვილმა განუცხადა, მწვანილის შეტანა ქართულ სუპერმარკეტებშიც იგეგმება, თუმცა კოოპერატივის ძირითადი მიზანი მწვანილის დასავლეთ ევროპის ბაზარზე ექსპორტირებაა.
”საქართველოდან მწვანილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის, თანაც მცირე რაოდენობით. დასვლეთ ევროპის ბაზარი ათვისებული არ გვაქვს. ჩვენ ამ დროისთვის აქტიურად ვმუშაობთ ჰოლანდიასთან. ექსპორტირების შემდეგ ჩვენი პროდუქცია სწორედ ამ ქვეყნიდან გადანაწილდება ევროპის სხვა ქვეყნებში” – განუცხადა ”ფორტუნას” ჭარაქაშვილმა.
ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად ”ქართულმა მწვანილმა” ჯერ Global Gap-ის სერტიფიკატი უნდა მიიღოს, რომელიც პესტიციდების სწორად მოხმარების, გარემოსდაცვითი წესების გამოყენებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ელემენტების შეფასებას მოიცავს.
კოოპერატივში ამბობენ, რომ სერტიფიცირების პროცესის დაწყებას მიმდინარე სეზონიდან აპირებენ, ხოლო ევრპულ ბაზარზე გასასვლეად პროდუქცია მზად მომავალი სეზონიდან იქნება.
”გვაქვს სალათის ფოთოლი, კამა, მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში. ამას დაემატება ის კულტურები, რომელზეც ევროპის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა, მაგალითად რუკოლა. ის მზარდი მოთხოვნილებით სარგებლობს ევროპაში. ჰოლანდიაში ბევრ ტრეიდერთან გვაქვს ურთიერთობა და ისინი დიდი რაოდენობით სწორედ რუკოლას ითხოვენ” – ამბობს პაატა ჭარაქაშვილი.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, ერთი კილოგრამი მწვანილის ფასი 3 ევროდან 5 ევრომდე იქნება.
კოოპერატივი ორი თვის წინ დაფუძნდა და ამ დროისთვის 11 სუბიექტს აერთიანებს.
