ISIS-ის სახელით, ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეოები საფრთხისშემცველია, ამის შესახებ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, განაცხადა. მისი თქმით, მებრძოლები დამაჯერებლად და მიზანმიმართულად ამახინჯებენ ყურანის ციტატებს და არასწორ ინტერპრეტაციებს ავრცელებენ. ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ წინამძღოლებს ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ თავიანთ მრევლთან, რათა სწორად განუმარტონ ყურანის ძირითადი ეპიზოდები.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველა შესაბამისი ზომა უნდა მიიღოს, რათა მუსლიმმა საქართველოში თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.
”მნიშვნელოვანია ის ფონი, რაც საქართველოში არსებობს. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის საკითხი, ღორის თავის მიკვრა სალოცავის კარზე, მოხეში მეჩეთის გდაცემის საკითხი. არ მგონია, რომ ამ მოვლენებს პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ ISIS-ის სახელით გავრცელებულ მასალებთან, მაგრამ, შესაძლოა, ქვეყანაში არსებული ვითარება რადიკალმა ისლამისტებმა სათავისოდ გამოიყენონ. არის საფრთხე, რომ თუ მუსლიმი ქვეყანაში თავს დაჩაგრულად იგრძნობს, ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით, მისი დამოკიდებულება რადიკალებისკენ გადახაროს.”- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, მსოლფიოს არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, რომ თავისი მოქალაქე ე.წ. ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანდება, თუმცა ყველა ქვეყანამ უნდა იფიქროს, როგორ გაუწევს წინააღმდეგობას რადიკალ ისლამისტებს. როგორც ნაკაიძე ამბობს, ტერორისტებმა იდეოლოგიური ბრძოლა აირჩიეს და სახელმწიფოებიც იდეოლოგიურად უნდა დაუპირისპირდნენ მათ. ის მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, მუსლიმმა წინამძღოლებმა სწორად უნდა განუმარტონ მრევლს ისლამის მნიშვნელობა და მეორე მხრივ, სახელმწიფომ უნდა დაუმტკიცოს მოქალაქეს, რომ მასზე ზრუნავს.
როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, ISIS-ის სახელით გავრცელებულმა ვიდეომიმართვამ მუსლიმ მრევლში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
”იმ ახალგაზრდებს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, გააზრებული აქვთ, რომ ეს არ არის სწორი ისლამი, თუმცა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, აუცილებელია ისლამური სასწავლებლის შექმნა, სადაც მუსლიმი შეძლებს ისლამის სწორად სწავლას და არა რადიკალიზმს” – განაცხადა ნაკაიძემ.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ISIS-ის სახელით ვიდეოები სერიალივით გაგრძელდება, ვინაიდან ტერორისტების მთავარი მიზანი საზოგადოებაში მუქარისა და შიშის დათესვაა.