ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ასეთი რამ კომპანიის დაუდევრობის გამო ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მაცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა. კალაძის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ “სემეკის” წარმომადგენლებსაც შეხვდა.
“გარეწვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება მათი დახურულ სივრცეში დამონტაჟება. ეს სერიოზული პრობლემააა. რაც შეეხება გამკაცრებებს, საუბარია იმაზე, რომ აპირებენ დეტექტორების შემოღებას, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამ პროექტში მერიასაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, რათა ადამიანებს გადასახადი შევუმსუბუქოთ. საუბარია ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული და სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც თვითონ აბონენტი შეიძენს,” – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, დღეს არსებული პრაქტიკა, რომ მოქალაქეს შეუძლია თავად მოძებნოს გამათბობლის მემონტაჟე, ცუდი პრაქტიკაა და აუცილებელია ამის საწინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილას კახა კალაძესა და ალექსანდრე ელისაშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას, კალაძე ამბობს, რომ “პოპულიზმის დრო არ არის” და რომ ის არ აპირებს ელისაშვილის განცხადებების კომენტირებას.
“ალეკო ესალიშვილი თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, ეს 2017 წელს საზოგადოებას ვაჩვენე. ასე რომ, ეს არ არის ადგილი იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს ვუპასუხო. ჩვენ არასდროს პოპულიზმსა და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს. პოპულიზმის დრო საქართველოში არ არის, უნდა ვაკეთოთ საქმე,” – განაცხადა კალაძემ.
ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანს შორის მამა-შვილი და ძმებიც არიან.