ვფიქრობ, პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა ძალიან დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს როცა ვსაუბრობთ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, დახმარება სჭირდება ჩვენს პედაგოგებს, მითუმეტეს, ასეთი ინსტიტუტის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტუტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს ამზადებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა
მინისტრმა გამოცდებზეც ილაპარაკა.ბატიაშვილის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ.
„როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? საგნობრივ ნაწილში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარები, საგნები ფიზიკურად არ არსებობს. ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ. ტექნიკური მიმართულებით თუ აბარებს აბიტურიენტი, მათემატიკური უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი. პანაცეა ოღონდ გამოცდა ჩავაბაროთ, არ გვაძლევს შედეგს“, – განაცხადა მინისტრმა.