LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გარდა, საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება

57

2016 წლის 1-ელი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა , ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება.
ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხება მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება.

ამასთან, რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე არ გავრცელდება და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.

“არ უნდა დავტოვოთ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკის მომგვრელი, არა რაიმეს აკრძალვები, არამედ, დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტი ინიციატივას ძალიან დეტალურად განიხილავს.

“კომიტეტებს, რომლებიც შეირჩა, მინდა ვთხოვო, რომ განსაკუთრებით მიიღონ ზომები, რათა ამ საკითხის განხილვისას ვუზრუნველყოთ საჯაროობაც, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობაც. რაც შეიძლება კარგად განვმარტოთ, რა ნოვაციები შემოდის, რა იქნება სიახლე, ვისთვის რა იცვლება. კარგად ავუხსნათ მოსახლეობას მათთვის რა იცვლება და პირველ რიგში ავუხსნათ ის, რომ ვისაც უკვე ყავს ასეთი ავტომობილი, მათ რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ. არის სხვა თემებიც ამ კანონპროექტში, რომელსაც კარგი შესწავლა სჭირდება დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ყოველმხრივ დასაბუთებული და გააზრებული იქნება “, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის.
საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g