რადიო „ფორტუნას” ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. ამჯერად გადაცემას ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ესტუმრა, რომელმაც „ფორტუნას” მსმენელს 7 გამორჩეული სიმღერა წარუდგინა.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ძალიან მიყვარს, მასზე არასდროს მისაუბრია. მუსიკა ჩემთვის ასოცირდება იავნანასთან და შემდეგ კინო და ანამაციურ მუსიკასთან. ბევრი ალბომი მაქვს, ახლახან ჩამოვიტანე დისკები ინდონეზიიდან. იქაური კულტურა საკმაოდ შთამბეჭდავია და საინტერესო ეთნოგრაფიას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობა. სხვათა შორის ახალ წელს იქ შევხვდი არაბულ გარემოში. ალკოჰოლი აკრძალული იყო და შეიძლება ითქვას ,,მშრალი” ახალი წელი გვქონდა… (იღიმის)
მეშვიდე ადგილზე გავიდა ჩემი ბავშვობის სიმღერა თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით ,,იავნანა”, ჩემი შვილი ანიტა როცა დაიბადა, ამ სიმღერას ვასმენინებდი.
https://www.youtube.com/watch?v=SebtTvqdNYs&feature=share
მეექვსე ადგილი – მახსოვს წლების განმავლობაში მეგობრები ვიკრიბებოდით ახალ წელს, თოვლიან გარემოში და ყოველ ასეთ საახალწლო შეკრებაზე ერთი სიმღერა იყო ჰიტი, რომელსაც ვმღეროდით. ერთ-ერთი იყო ,,ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან”, როცა 2009 წელს წაღვერში შევხვდით და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში.
მეხუთე ადგილზეა ჩემი ბავშვობის სიმღერა ,,დაჰკარით დაფთაფებს”, სკოლაში არ არსებობდა მუსიკის გაკვეთილი, რომ არ გვემღერა. (იღიმის)
მეოთხე ადგილზე მინდა დავასახელო ნინო ქათამაძე, სიმღერით ,,იები”. მახსოვს, კიევში იქაური მუსიკალური წამყვანის მიწვევით ვიყავი ჩასული და ერთხელ გადავწყვიტეთ მე და ამ გოგონამ კინოში წასვლა. ფილმის არჩევისას, აფიშაზე ვნახეთ ფილმი, რომლის მუსიკაც ეკუთვნოდა ნინო ქათამაძეს. რა თქმა უნდა ძალიან დამაინტერესა და ვნახეთ ეს ფილმი. ფაქტიურად მთელი ფილმი ნინო ქათამაძის სიმღერებით იყო გაფორმებული და ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილება, რომელიც იქ მივიღეთ. სულ სხვა სიამაყეა, როცა უცხო ქვეყანაში ამხელა ემოციას იღებ. ეს ის ფრაგმენტია, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება.
მუსიკას აქვს თერაპიის დანიშნულება, სხვათა შორის მუსიკით ადამიანებს მკურნალობენ კიდეც. განსაკუთრებით მათ, ვისაც დეპრესიისკენ აქვს მიდრეკილება. მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისში, ჰოლანდიელმა ფერმერებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკა ზრდის ძროხების პროდუქტიულობას ფერმაში და კლასიკურ მუსიკას ასმენინებდნენ (იცინის). ასევე მინდა გითხრათ, რომ ახლახან ძალიან დიდი მიწისძვრა გადავიტანე ინდონეზიაში, მაშინ სწორედ იქ ვიყავი და წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იყო იქ მყოფი ადამიანებისთვის. მახსოვს, მეორე დღეს ყველა ბარში და რესტორანში ინდონეზიელები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა ტურიტები და ადგილობივი მოსახლეობა გაემხიარულებინათ…
მესამე ადგილზეა ჩემი კიდევ ერთი საყვარელი სიმღერა გია ყანჩელის ,,ყვითელი ფოთლები”.
მეორე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ სიმღერა ,,ფუტკარი, როგორც აფთიაქარი”. ეს არის სიმღერა, რომელიც ყოველთვის იწვევს ჩემში დადებით ემოციას.
https://www.youtube.com/watch?v=UGOtAG9DhqA&feature=share
პირველი ადგილი – მე მგონია, რომ ეს არის მეოცე საუკუნის საუკეთესო სიმღერა, ქართული ხმების შესრულებით ,,გაზაფხული შემოსულა ლენ”. შეუძლებელია ამ სიმღერას მოუსმინო და არ დაგბურძგლოს, მართლაც საოცრებაა. ხშირად, როცა ვმოგზაურობ, ვასმენინებ ხოლმე ქართულ სიმღერას და ბევრი მეუბნება, რომ ძალიან კარგად ჟღერს და გაოცებას ვერ მალავენ, იმდენად მოწონთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი