LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს“ – არასრულწლოვანთა დანაშაული, როგორც მოუგვარებელი პრობლემა

563
arasrulwlovantanadanashauli

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა იზრდება და ის პირდაპირი შედეგია პრევენციული პოლიტიკის არარსებობის. აქამდე მსგავს მოსაზრებას მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აფიქსირებდნენ. ახლა კი, ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

უწყებამ ახალი სტატისტიკა წარმოადგინა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების და მჭიდრო თანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივითაც გამოვიდა. ახლა ჯერი სხვა უწყებებზეა – „ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი უწყებების მხრიდან ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციისკენ მიმართულ სერვისებში მათი დროულად ჩართვა,“ – ამბობს შსს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ხელმძღვანელი ტატო ქელბაქიანი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ შსს-ს აქცენტები ლოგიკურია, თუმცა, დანაშაულის პრევენციაში მთავარი როლი აქვს არა შსს-ს, არამედ განათლებისა და სოციალურ სისტემებს.

„პრევენცია იმას გულისხმობს, რომ სანამ დანაშაულის ჩადენა მოხდება, მანამ რაღაც უნდა გააკეთო. დანაშაულის პრევენცია უწყებათშორისი კოორდინირებული საქმიანობაა. არ შეიძლება, რომ ეს იყოს ერთი უწყების ტვირთი, ძირითადი ტვირთი უნდა იყოს განათლების და სოციალური სამსახურის, ეს შეიძლება იყოს როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მაგალითად, შეიძლება მერიას ჰქონდეს გარკვეული პროგრამები. სერვისები გადანაწილებული უნდა იყოს და ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მექანიზმი, რომელიც ასაწყობია და არ არსებობს,“ – აღნიშნავს ტატო ქელბაქიანი.

 

რას აკეთებს სოციალური სამსახური და განათლების უწყება 

სოციალური მომსახურების სამსახურში ამბობენ, რომ ანტისოციალური ქცევის ბავშვების იდენტიფიკაციას სააგენტო არ ახორციელებს და მათ სააგენტოში იშვიათად ამისამართებენ. ამისამართებენ უფრო მეტად მაშინ, თუ ანტისოციალურ ქცევას სხვა პრობლემაც ერთვის, მაგალითად ძალადობა, თავშესაფრის საჭიროება ან იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებთან. ასეთ შემთხვევებში, როგორც სააგენტოში განმარტავენ, მათ საჭიროების შემთხვევაში თავშესაფარს, ასევე ფსიქოლოგის მომსახურებას სთავაზობენ.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი ბავშვების 90% სასწავლო პროცესშია ჩართული. სკოლებში უსაფრთხოებასა და ბავშვების პრობლემების იდენტიფიკაციაში მნიშვნელოვანი როლი მანდატურებს და მართლწესრიგის ოფიცრებს აქვთ, რომლებიც შემდეგ მათ რეფერირებას უკეთებენ. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი ამბობს, ძალადობის შემთხვევაში ამისამართებენ სოციალურ სამსახურში, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ბავშვებს ცენტრის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ემსახურებიან. ამ ეტაპზე მანდატურის ცენტრში 53 თანამშრომელია, აქედან 11 სოციალური მუშაკი, 2 ბავშვთა ფსიქიატრი და 40 ფსიქოლოგია. ნინო შატბერაშვილი ამბობს, რომ გამოწვევების გათვალისწინებით, ეს საკმარისი რესურსი არ არის.

„როგორ შეიძლება ეს იყოს საკმარისი, თუ გავითავლისწინებთ, რამდენი ბავშვია და რა პრობლემებია სკოლებში. იმხელა მომლოდინეთა რიგები აქვთ ჩვენს ფსიქოლოგებს, მაგრამ ამ წუთას ეს რესურსია,“ – ამბობს ნინო შატბერაშვილი და დასძენს, რომ 2021 წლამდე კიდევ 10 სოციალური მუშაკის დამატება იგეგმება.

სტატისტიკა, თუ რა პრობლემას და რამდენ ბავშვს მოემსახურა მანდატურის სამსახური უკანასკნელ პერიოდში, ასე გამოიყურება:

დესტრუქციული ქცევის მქონე ბავშვები:

1086 ბავშვი – 2017-2018 წელს. 2019 წელს – 477

სიტუაციის შეუსაბამო და უცნაური ქცევის მქონე ბავშვები:

299 ბავშვი – 2018 წელს, 2019 წელს -139

ძალადობა:

204 ბავშვი – წინა წელს, 64- 2019 წელს

 

თუმცა, ეს სტატისტიკა სკოლებში არსებული პრობლემის მთელ სურათს არ ასახავს, რადგან როგორც ნინო შატბერაშვილი ამბობს, მათთან სავარაუდოდ, ყველა ბავშვის გადამისამართება ვერ ხერხდება.

ხანგრძლივი კამპანიები, მასწავლებლებთან და მშობლებთან მუშაობა, ეს ის ნაბიჯებია, რომლის გადადგმასაც მანდატურის სამსახური არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის გეგმავს. ნინო შატბერაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა უწყებისა და მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. დანაშაულის პრევენციისა და რეინტეგრაციისთვის სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებში ბავშვების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შსს კი ამბობს, რომ ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების უმრავლესობის აკადემიური მოსწრება საშუალო ან დაბალია და ისინი სწავლის შემდგომაც არ არიან ჩართული სპორტულ, სახელოვნებო ან სხვა აქტივობაში.

„ინტენსიურად ვმუშაობთ ბულინგის, ნივთიერებების მოხმარების, ძალადობის კამპანიებზე, რითაც გვინდა სკოლებში შესვლა, ეს არ იქნება ერთჯერადი, თანმიმდევრულად დაგეგმილ მუშაობაზეა საუბარი, რომელიც მთელი სემესტრის განმავლობაში განხორციელდება უწყვეტად. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობაც, ასევე მასწავლებლებთან მუშაობა იგეგმება, ძალადობაზე ხდება გადამზადება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, მათ უნდა იცოდნენ, როგორ მართონ კრიზისული სიტუაციები, როგორ მოახდინონ ბავშვების ერთმანეთთან ინტეგრაცია და ა.შ.

ამასთან, უნდა გამოიკვეთოს ბავშვების პრობლემები, ინტერესები და რესურსი თუ არსებობს უნდა დაუკავშირდეს ამ ბავშვებს, თუ არ არსებობს, უნდა დადგეს საკითხი მუნიციპალურ დონეზე, რომ გასაჩენია ეს რესურსები. გვინდა გვქონდეს მომსახურებების განახლებული რუკა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უფასო წრეც არის შეიძლება და მშობლებმა და სკოლებმა ეს არ იციან,“ – ამბობს ნინო შტაბერაშვილი.

 

არასამთავრობო სექტორის მოსაზრება

ორგანიზაციაში „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ამბობენ, რომ მანდატურის სამსახური ერთადერთი მექანიზმი არ არის, რომელიც არასრუწლოვანთა დანაშაულების პრევენციაში უნდა იყოს ჩართული. ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ დღეისთვის არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის საჭირო პროგრამები არ არსებობს, სოციალური სამსახური ვერ მუშაობს და სახელმწიფო პრაქტიკულად ვერაფერს ახერხებს.

„მოცემულობა გვაქვს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს. ამ ეტაპზე საჭირო პროგრამები არ არსებობს. მანდატურის სამსახური არ არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩართული უნდა იყოს ამაში, სოციალური სამსახურის განვითარებაა საჭირო. ამ ეტაპზე საჭირო პროგრამები არ არსებობს. რაც შეეხება ფსიქოლოგის მომსახურებას, რომელზეც სოციალურ სამსახურში საუბრობენ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ კონსულტირება, რაც ძალიან კომიკურია. სოციალურ სამსახურში კატასტროფული პრობლემებია,“ – აღნიშნავს ტატო ქელბაქიანი.

ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულების არსებული სტატისტიკა პრევენციული პოლიტიკის არარსებობის შედეგია.

„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების ყველა შემთხვევაზე ვიკითხოთ: 
-რამდენ შემთხვევაში ბავშვს შიოდა ან ციოდა და ამიტომ იქურდა; 
-რამდენ შემთხვევაში ზეწოლის ქვეშ იყო; 
-რამდენ შემთხვევაში უმეთვალყურეოდ იყო ოჯახში და სკოლაში; 
-რამდენ შემთხვევაში კანონის უზენაესობა ვერ ასწავლეს.

ბავშვის უფლებაა არ შიოდეს, არ ციოდეს, ზეწოლის ქვეშ არ იყოს, უმეთვალყურეოდ არ იყოს და სწორი ღირებულებებით აღზარდონ და თუ მისი ეს უფლებები დაირღვა, ვისი პასუხისმგებლობაა?“ – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ თუ განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემა პრობლემას არ გააცნობიერებს და პრევენციას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატოვებს, ამ უწყებას ის რესურსი აქვს, რომ შემზღუდავი მექანიზმები გამოიყენოს და არასრუწლოვანთა დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრების სამწუხარო სიგნალიც უკვე გვაქვს.

“შსს-მაც თქვა, რომ მათ სხვა გზა არ დარჩებათ, თუ პრევენციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგა. არის რიგი ქვეყნები, სადაც ეს მექანიზმი (სასჯელის გამკაცრება) გამოიყენეს და მიხვდნენ, რომ არ ამართლებს. სასჯელის გამკაცრებით პრობლემა არ მოგვარდება, მთავარი აქ ამ ქმედებების გამომწვევი მიზეზებია. იყო ასეთი ქეისი, რომ ერთ ბავშვს ჰქონდა ქურდობის 30 ეპიზოდი. პირველი შემთხვევა როცა მოხდა, რეაგირება რომ ყოფილიყო და აქ დაკავებაზე არ არის საუბარი, ოჯახთან, ბავშვთან მუშაობაზეა საუბარი, შეიძლება დანარჩენი 29 შემთხვევა აღარ ყოფილიყო,“  ამბობს ტატო ქელბაქიანი.

არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე) მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

78% – საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, 11% – ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 2% – ნარკოტიკული, 2% – სატრანსპორტო, 6% – სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

magti 5g