LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისგან თავის დაღწევა – რას დაუპირისპირებენ რელიგიური კონფესიები სესიაშვილის კანონპროექტს

630
religiurikonfesiebi

აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, – ეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლია, რომელიც თანასწორობას ადგენს. ქვეყანას მიღებული აქვს ანტიდისკრიმინაციული კანონიც, თუმცა, ამ კანონის მიღებიდან 4 წლის შემდეგ, პარლამენტში ახალი კანონპროექტი რეგისტრირდება, რომლის თანახმად, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლები შეძლებენ. ინიციატივის თანახმად, კანონში საერთოდ უქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. თუმცა, კონკორდატის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას.

კანონპროექტი ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეისთვის ამ ნორმასთან მიმართებაში, რომლის გაუქმებასაც ითხოვს,  გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები. ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რაზეც თადცავისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე საუბარობს, “გირჩის” მიერ დაფუძნებული ბიბლიური თავისუფლების საქმიანობას გულისხმობს, რომლის ძალისხმევითაც სამხედრო სამსახურიდან 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა გათავისუფლდა. ირაკლი სესიაშვილი “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის დეპუტატმა კანონპროექტი უკვე წარმოადგინა და დაარეგისტრირა, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და კანონპროექტს არ მიიღებენ, წინაღმდეგ შემთხვევაში, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

“თუ მიიღებენ კანონს, ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც თითქმის გარანტირებულად დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეს მოვიგებთ,” – ამბობს “ფორტუნასთან” ზურაბ ჯაფარიძე და დასძენს, რომ კანონპროექტის ინიციატივა სავარაუდოდ, საპატრიარქოდან მოდის.

“საერთოდ მგონია, რომ საპატრიარქოს ეს ინიციატივა, გაჟღერებული ირაკლი სესიაშვილის მიერ, განწირულია კრახისთვის,“ – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

კანონის მიღების შემთხვევაში, გირჩი ერთადერთი არ იქნება, რომელიც სარჩელს შეიტანს. კანონს დისკრიმინაციულად აფასებს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეც და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც ის “ფორტუნასთან” ამბობს, ასეთივე შეფასება აქვთ სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც რელიგიურ საბჭოში არიან.

“ინიციატივა იმდენად დისკრიმინაციულია, რომ საუბარიც კი მეუხერხულება, როგორ ავხსნა, რამდენად შეუსაბამოა ქვეყნისათვის, რომელიც დემოკრატიის შენებაზე დებს თავს, შეუსაბამოა კონსტიტუციისთვისაც, რომლის თანახმად, რელიგიის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, ფაქტობრივად ბევრ რამეს აყენებს თავდაყირა.

იმედს ვიტოვებ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივასაც იგივე ბედი ეწევა, როგორც მათ, რომელიც შეუსაბამო ყოფილა და გაუბრუნებიათ უკან. მაგრამ თუ ღმერთი გაგვიწყრა და ბოლომდე მივიდა, აუცილებლად გავასაჩივრებთ. მე დაველაპარაკე დაახლოებით 10 რეალიგიური გაერთიანების წარმომადგენელს და ყველა იზიარებს ამ სულისკვეთებას და ველოდებით, რას გადაწყვეტს პარლამენტი,” – აღნიშნავს რუსუდან გოცირიძე.

არასამთავრობო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს, მას დიდი დღე არ უწერია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად ცნობს.

“ცხადია, ეს დისკრიმინაციულია და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვადასხვა აღმსარებლობის პირებს რელიგიის მიხედვით, ეს კანონი მხოლოდ ერთ დომინანტურ რელიგიას ხედავს, რაც ბუნებრივია, არასწორია. ჩვენ ამ ქვეყანაში გვაქვს ძალიან ხანგრძლივი ტრადიცია, სხვადსხვა კონფესიების წარმომადგენლების თანაცხოვრების და ისინი არიან ყველა საქართველოს მოქალაქეები.

 

არც ვიცი, როგორ შეიძლება ვინმეს დაებადოს თავში ეს ინიციატივა და პირველივე რეაქცია არ იყოს ის, რომ ასეთი ინიციატივა არის არაკონსტიტუციური და მას ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადეს არაკონსტიტუციურად, რადგან თანასწორობის კონკრეტულ მუხლებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში,” – აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

თავად კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ  ყველას დარჩება უფლება და ვალდებულება, რომ თუ რელიგიური მოტივით არ სურს სამხედრო სამსახური, ალტერნატიულ სამსახურში მოიხადოს ვალი.

„მაგალითად, იეჰოვას მოწმე, რომელიც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურს მიმართავდა. ჩემს მიერ მომზადებული ნორმა იქნება ყველასთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემი ინიციატივა საკონსტიტუციო ნორმას ვერ შეეხება, სხვა კონფესიებს კი. ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიური, აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო სავალდებულო შრომითი სამსახურით,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. დეპუტატმა განმარტა, რომ სასულიერო აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სარგებლობს საერთო ნორმით, როცა უმაღლესში ჩარიცხულ პირებს გადავადების უფლება ისედაც აქვთ.

“ფორტუნა” საპატრიარქოს პოზიციითაც დაინტერესდა, როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ “ფორტუნას” უთხრა, საპატრიარქო ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას სიღრმისეულად არ იცნობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ზოგადად, სასულიერო პირი და არა მხოლოდ მართლმადიდებელი, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული უნდა იყოს. თუმცა, აქვე დეკანოზი იმასაც დასძენს, რომ “ამგვარი მიდგომის სპეკულაციური გამოყენება, ფსევდორელიგიური ორგანიზაციების მიერ ვერ უნდა ხერხდებოდეს.”

mazda magti 5g