LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასახადების გაზრდას ხელისუფლება რეფერენდუმის გარეშე შეძლებს: მუხლი, რომელიც 12 წლის შემდეგ კონსტიტუციიდან გაქრება

კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომელიც იცავს ისეთ ეკონომიკას, სადაც დაბალი გადასახადებია, 12 წლის შემდეგ, 2030 წელს, ქვეყნის მთავარი კანონიდან ავტომატურად გაქრება.

აღნიშნული დათქმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, “ფორტუნასთან”  საუბრისას განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება  მხარეებს შორის  კონსესუსის საფუძველზე გადაწყდა, რადგან ნაწილი თავდაპირველ ვერსიას, რომელიც ამ ჩანაწერის  ამოღებას გულისხმობდა, ეწინააღმდეგებოდა.

“ამ მუხლს საქართველოს კონსტიტუციაში ვტოვებთ, ოღონდ დროებით. გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა, რომ ეს დათქმა არის 12 წლის განმავლობაში. 12 წლის შემდეგ 94– ე მუხლი ავტომატურად ამოღებული იქნება საქართველოს კონსტიტუციიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “ფორტუნასთან”

 94–ე მუხლის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კონსტიტუციამ არ უნდა აკრძალოს ესა თუ ის საგადასახადო პოლიტიკა და, რომ ამ მუხლის ამოღებით, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

მუხლის მომხრეები კი თვლიან, რომ ეს ქვეყნის საიმიჯო ბარათია და მის გარეშე ბიზნესგარემო სტაბილურიბის შეგრძნებას, ქვეყანა კი ინვესტორებისთვის მომხიბვლელობას დაკარგავს.

 

“რაღაც პერიოდის განმავლობაში გვექნება გარანტია იმისა, რომ გადასახადების გაზრდა არ მოხდება”

ამ მუხლის ამოღებას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის, განცხადებით, ამ მუხლის დროებით კონსტიტუციაში დატოვება სახელისუფლებო გუნდის შიგნიდან გარკვეული დათმობაა.

როგორც “ფორტუნასთან” გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, კონსტიტუციას ცვლის მხოლოდ ერთი – სახელისუფლებო გუნდი, რომელიც არავის აზრს არ ითვალისწინებს.

“ამ მუხლთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბიზნესს. მათ განაცხადეს, რომ ამ მუხლის კონსტიტუციაში დატოვება მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მაინც, რაღაც პერიოდის განმავლობაში გვექნება გარანტია იმისა, რომ გადასახადების გაზრდა არ მოხდება რეფერენდუმის გარეშე. შესაბამისად, ინვესტორებს ექნებათ გარანტია იმისა, რომ ამ ქვეყანაში გადასახადები მარტივად არ გაიზრდება”, – განაცხადა კეპულაძემ.

რა იქნება 12 წლის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გუნდს, რომელიც იმ დროისთვის იქნება ქვეყნის სათავეში, კონკრეტული გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწვს.

“იდელურ ვარიანტში, გასაგებია, რომ ფისკალურ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს მთავრობა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იდეალური საინვესტიციო გარემო. ჯობდა, რომ მაშინ ამოღებულიყო ეს მუხლი, როცა ამის შესაძლებლობა და შესაფერისი გარემო იქნებოდა ქვეყანაში”, – აღნიშნა კეპულაძემ.

 

2030 წელს ბიზნესგარემოს სტაბილურობა 94-ე მუხლის ნაცვლად, სხვა ფაქტორებმა უნდა შეუქმნას

კონსტიტუციონალისტი და პარლამენტის წევრი, ვახტანგ ხმალაძე, კი ამბობს, რომ 94–ე მუხლის ნაცვლად, ქვეყანაში შესაძლოა, სტაბილურობა სხვა ფაქტორებმა შექმნას.

ხმალაძის თქმით, ამისთვის აუცილებელია, რომ ხალხმა პროგნოზირებადი ხელისუფლება აირჩიოს, რომელიც დაპირებებს ასრულებს.

მისი თქმით, ბიზნსისთვის მთავარია, იცოდეს თამაშის წესები და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ თამაშის დროს ისინი არ შეიცვლება.

„ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან მაღალი გადასახადებია, იქ ამის

 პრობლემა არ არის, რადგან ბიზნესმა იცის, რომ ასეთი თამაშის წესებია და ისიც იცის რომ მინიმალურია ამ თამაშის წესის ცვლილება“, – აღნიშნა მან.

ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება საჭიროა, რადგან გადასახადები ის ძირითადი ხერხია, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება, რომელიც სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლადაა საჭირო.

„იმის მიხედვით, როგორია ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, რა ამოცანები დგას ქვეყნის წინაშე, გადასახადების რაოდენობა შეიძლება, იყოს სხვადასხვა. ერთ ვითარებაში შეიძლება, გადასახადების განაკვეთის შემცირება გახდეს შესაძლებელი (რაღაცის სტიმულირებისთვის), მეორე შემთხვევაში კი შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი გაზრდა. როდესაც ეს რეფერენდუმის გარეშე აკრძალულია, პრობლემები იქმნება“, – განაცხადა ხმალაძემ.

რა ბერკეტი რჩება ხალხს?

ხმალაძის თქმით, თუ ხელისუფლება მომავალში ამ მუხლს თავის საკეთილდღეოდ გამოიყენებს, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მმართველი გუნდი არჩევნების მიხედვით შეცვალოს.

„არავის სიამოვნებს საშემოსავლო გადასახადის გაზრდა, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ ამ გაზრდის შედეგად მნიშვნელოვან საკითხში გაუმჯობესდა მდგომარეობა, ამას გაგებით შევხვდებით, მაგრამ თუ მოსახლეობა ჩათვლის, რომ მმართველი გუნდი არასწორ საგადასახადო პოლიტიკას ატარებს, მაშინ ამ ხელისუფლებას უკვე არჩევნებისას ხმას აღარ მისცემენ – ისინი არასწორი პოლიტიკის გამო, დაკარგავენ ხელისუფლებას“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

 

ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებას

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ამ მუხლით ქვეყანაში საგადასახადო სტაბილურობა იგრძნობოდა და მისი ამოღებით, ეს შეგრძნება ბიზნესს უქრება.

ჭყონიას თქმით, აღნიშნული მუხლი ქვეყნის ძალიან სერიოზული განაცხადია და ასეთ სერიოზულ განაცხადს ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, მაგრამ პოლიტიკოსები ამ მუხლის ამოღებით, ბიზნესში ერევიან. ეს მუხლი ჩადებული იყო საგადასახადო სისტემის სტაბილურობისთვის. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს გადასახადების რეგულირების საშუალება. ეს განცხადება შეშფოთებას იწვევს ბიზნესში, იმიტომ რომ პარლამენტში სხვადასხვა აზრისა და გემოვნების წევრები არიან, აქედან გამომდინარე შეიძლება, ბიუჯეტში რაღაც დეფიციტის ამოვსება, გადასახადების გაზრდით მოხდეს. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, კონსტიტუციიდან მუხლის ამოღებით ქვეყანა არც შენდება და არც ინგრევა, თუმცა ეს ფაქტი სტაბილურობის მომენტს აქრობს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ „ფორტუნასთან“.

 

და ბოლოს „საიმიჯო“ მუხლი, რომელიც 12 წლის შემდეგ აღარ იარსებებს

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული რედაქცია საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის დეკემბერში, ერთთვიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

ეს მუხლი კრძალავს ახალი გადასახადის შემოღებასა და გადასახადის ზედა ზღვრის გაზრდას რეფერენდუმის გარეშე; იმავე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ენიჭება.

ამ მუხლის ამოღების შემდეგ, ანუ 2030 წლიდან მთავრობა ნებისმიერი გადასახადის გაზრდას რეფერენდუმის გარეშე შეძლებს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები