დღეს ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 14 ხელშეკრულების გაფორმებაა დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა “ექსპოჯორჯიაში” გამოფენის Made in Belarus დაწყებამდე განაცხადა.
საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიხსნა ბელარუსული პროდუქციის გამოფენა – Made in Belarus, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართება საქართველო-ბელორუსის საქმიანი საბჭოს სხდომა.
ნინო ჩიქოვანის თქმით, ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ასევე პარტნიორების მოძიებას ქართული კომპანიებისთვის. მან აღნიშნა, რომ დღეს საუბარი ერთობლივი საწარმოების შექმნასაც შეეხება.
„დღეს იმართება საქართველო-ბელარუსის საქმიანი საბჭოს სხდომა და ასევე ბელარუსის პროდუქციის გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ. ეს 2014 წლის შემდეგ უკვე მეექვსე ერთობლივი ღონისძიებაა. ბელარუსიის მხრიდან გვეწვია 150-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი, რაც მათ მაღალ ინტერესზე მიუთითებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 14 ხელშეკრულების გაფორმება ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის, რაც ძალიან კარგი შედეგია ამ ღონისძიებების, რომელიც ყოველწლიურად და ტრადიციულად ტარდება როგორც საქართველოში, ასევე ბელარუსში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ასევე, პარტნიორების მოძიებას ჩვენი, ქართული კომპანიებისთვის. ამას გარდა, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზეც იქნება დღეს საუბარი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.