LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქესობრივი დანაშაული – რა უფლებები შეეზღუდება მსჯავრდებულს

688
d0adcf7495308b55ca78a254bb066d92_fulltext-1

მთავრობა პარლამენტს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ სპეციალური კანონის მიღებას სთავაზობს. პროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის მსჯავრდებულს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება: კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო, სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;

არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება; სოციალური მუშაობა; საექიმო საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება.

კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით „ფორტუნა“ „საიას“ საპარლამენტო მდივანს ნიკა სიმონიშვილს გაესაუბრა.

მისი განცხადებით, სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გულისხმობს:

„გაუპატიურებას; არასრულწლოვნის სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს: გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ ან ადამიანის სხეულში სქესობრივი ხასიათის სხვა ნებისმიერი შეღწევა, არასრულწლოვნის პორნოგრაფიაში ჩაბმა ან არასრულწლოვნის პორნოგრაფიის გავრცელება. ესენი არის სქესობრივი დანაშაულები, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს,“ – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილი კანონპროექტში ჩაწერილი უფლების, არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლების შეზღუდვაზე საუბრობს.

“ამ უფლების ჩამორთმევა სასამართლოზეა დამოკიდებული. სასამართლო აფასებს იმ მდგომარეობას, რა ხასიათის დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა. თუ დავუშვათ, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი და არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ მას საკუთარი შვილის მიმართაც ჩაიდენს, მაშინ შესაძლებელია სასამართლომ გამოიყენოს ეს უფლება და არასრულწლოვანთან ცხოვრება მსჯავრდებულ პირს აუკრძალოს. ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოხდეს არასრულწლოვანის განცალკევება ამ ადამიანისგან? ამ კითხვაზე პასუხი ისაა, რომ თვითონ ის ადამიანი უნდა განცალკევდეს არასრულწლოვნისგან.

 

გარკვეულწილად, ეს შეიძლება პრაქტიკაში პრობლემის შემცველი იყოს, რადგან ორი სხვადასხვა საცხოვრებლის პრობლემა იქმნება. შვილმა ერთ სახლში უნდა იცხოვროს და მშობელმა მეორე სახლში. თუმცა, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული გარემოება, რა სახის დანაშაულს ჰქონდა ადგილი და თუ არსებობს იმის საფრთხე, რომ ამ ადამიანმა მასთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანის წინააღმდეგ მსგავსი ქმედება გაიმეოროს, მაშინ სასამართლო უფლების ჩამორთმევის ამ სახეს გამოიყენებს,“ – აცხადებს “საიას” საპარლამენტო მდივანი.

 

კითხვაზე, რას ნიშნავს პასიური საარჩევნო უფლება, სიმონიშვილი განმარტავს, რომ ეს მსჯავრდებულ პირს უზღუდავს უფლებას, არჩეული იყოს რაიმე თანამდებობაზე. მაგ. პარლამენტის ან საკრებულოს წევრად ან პრეზიდენტად. ეს არის პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა.

ნიკა სიმონიშვილი სოციალური მუშაობის უფლების შეზღუდვასაც განმარტავს და აცხადებს, რომ ამ უფლების შეზღუდვის შემდეგ, პირი ვერ გახდება სოციალური მუშაკი.

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებულ პირს შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება.

„ადამიანს ზოგადად, მართვის უფლება არ ჩამოერთმევა, მაგრამ ნებისმიერი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით, მგზავრების გადაყვანა ეკრძალება.

აქაც, რა თქმა უნდა, კონკრეტულ გარემოებათა შეფასებით უნდა მოხდეს ამ უფლების შეზღუდვა. გააჩნია პიროვნება, რამდენად საფრთხის შემცველი იყო საზოგადოებისთვის და რა სახის დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს ესეც სასამართლომ,“ – აცხადებს სიმონიშვილი.

უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5 წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ათიდან 15 წლამდე ვადით.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ამ შეზღუდვებზე ვადების ათვლა, სასჯელის მოხდის შემდეგ იწყება.

„თუ დავუშვათ სასჯელაღსრულება დატოვა, დატოვების მომენტის შემდეგ მოხდება ამ ვადის ათვლა. ხოლო, თუ დავუშვათ პირობითი მსჯავრით ჩაუნაცვლეს, ამ შემთხვევაში უკვე ამ ჩანაცვლების მომენტიდან ხდება ამ ვადის ათვლა. როცა ადამიანი გათავისუფლდება პირობით ვადამდე ან თუნდაც, სასჯელის მოხდის შემდეგ, აი ამ მომენტიდან იწყება უფლების ჩამორთმევის ვადის ამოქმედება,“ – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

 

 

 

“საიას” საპარლამენტო მდივანი კანონის ადეკვატურობაზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი კანონი, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაშიც არის.

„ეს ჩვენი კანონმდებლობისთვის არის სიახლე, თორემ სხვა ქვეყნებში მოქმედებს ეს კანონი. როდესაც ადეკვატურობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული თუ დანაშაული არის ჩადენილი.

მსგავსი შეზღუდვა გამართლებულია, გამართლებულია იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვნების ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. უფლებების შეზღუდვა მხოლოდ არასრულწლოვნებზე განხორციელებული სქესობრივი თავისუფლების შეზრუდვის დროს არ დაწესდება. ყველა შემთხვევა, რომელიც ადამიანის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუწესებს თუ არა მას რაიმე შეზღუდვებს.

„როდესაც ვსაუბრობთ, რა ხასიათის იქნება შეზღუდვები, ეს დანაშაულის ჩადენაზე და იმაზე არის დამოკიდებული, ვის წინააღმდეგ არის ეს დანაშაული ჩადენილი. აი ამ საშიშროების მიხედვით აფასებს სასმართლო იმ უფლებების ჩამორთმევის საფუძვლებს,“ – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი. 2017 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ხოლო 2016 წელს რეგისტრირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

magti 5g