LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მოვალ თქვენთან და ყურს აგიწევთ, კარგი იქნება?” – “ბავშვის კოდექსზე” კომიტეტზე დასმული შეკითხვები და პასუხები

297
bavshvzezaladoba

“რატომ უნდა აუწიოთ ყური ბავშვს? მე მოვალ თქვენთან და ყურს აგიწევთ, კარგი იქნება?” – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვის დროს დასმულ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მშობელს არ უჯერებს აუწიონ მას ყური ან დასაჯონ კუთხეში დაყენებით.

“არის თუ არა ეს ქმედება ამ კოდექსის დარღვევა?” – მიმართა კომიტეტზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა სოფიო კილაძეს.  ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარე მას პასუხს გასცემდა, კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, რატი იონათამიშვილმა დააფიქსირა მკაფიო პოზიცია ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით.

ამაზე მეც ვერ მოვითმენ და მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა იქნება ეს ყურის აწევა, ბავშვის კუთხეში დაყენება, არის უღირსი საქციელი, იქნება ეს მშობელი თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, თუ ბავშვი არ უჯერებს ვინმეს, ეს არ არის ბავშვის ბრალი, ეს არის იმ ადამიანის ბრალი, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა ამ ბავშვის აღზრდაზე. შესაბამისად, ამ დროს მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის უფრო მეტი საუბარი, უფრო მეტი კონტაქტი და უფრო მეტი დროის გატარება ბავშვთან, ან თუ სხვა ქცევითი პრობლემებია, მათი იდენტიფიცირება და მასზე ადეკვატური სამუშაოს განხორციელება. ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ვერც ერთი ფორმით და ვერც ერთი ასპექტით ბავშვზე ნებისმიერი სახის ძალადობაზე საუბრის უფლებაც კი არ იქნება სწორი,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სოფიო კილაძე რატი იონათამიშვილს ეთანხმება, რომ როცა ბავშვთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არსებობს, ის აუცილებლად მასთან საუბრით უნდა გადაიჭრას და ძალადობა დაუშვებელია.

“ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ფორმით უნდა ვიძალადოთ ბავშვებზე. მეორე საკითხია აღმზრდელობითი ღონისძიებები, ამაში რა თქმა უნდა შედის გარკვეული შეზღუდვების დაწესება ბავშვისთვის, გინდაც დასჯის ღონისძიებებიც დაუძახეთ, რაც გნებავთ. მე ბატონ რატის ვეთანხმები, რომ თუ რამე პრობლემაა ბავშვთან დაკავშირებით, უნდა ვესაუბროთ, ქრისტიანულიც არის. აქ ბრძანდებიან ეკლესიის წარმომადგენელები და დამეთანხმებიან, ალბათ, რომ ქრისტიანულია არის ის, რომ სიყვარულით, პატივისცემით, საუბრით, დიალოგით, ამით გადავჭრათ პრობლემები. რატომ უნდა აუწიოთ ყური ბავშვს? მე მოვალ თქვენთან და ყურს აგიწევთ, კარგი იქნება?”- აღნიშნა სოფიო კილაძემ.

magti 5g