LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკურად ვერ შეწვდება ხალხი, ძვირია ეს გამათბობლები – გაზის მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება

2789
32565085_439852966427636_5608556539238416384_n

თბილისში გაზის გაჟონვისა და აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, 2019 წლის აპრილიდან გაზის მომხმარებლებისთვის გამკაცრებული რეგულაცია ამოქმედდება.

კანონპროექტის მიხედვით, გაკონტროლდება ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟისა და შიდა ქსელის გაყვანის პროცესი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი ფინანსური სანქციები ამოქმედდება. არ არის გამორიცხული, რომ გაზის დანადგარების უსაფრთხოება სპეციალური დეტექტორითაც გაკონტროლდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა თებერვალში აცხადებდა, რომ გაზის გამათბობლების მონტაჟი არაკვალიფიციური პირების მიერ კეთდება.

“მონტაჟი ხშირად არაკვალიფიციური პირების მიერ ხორციელდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამუშავებთ კანონს პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ, რის მიხედვითაც, ეს სამუშაოები გარკვეულწილად სავალდებულო სერთიფიცირებას დაექვემდებარება. სამუშაოების შემოწმება სწორედ სერთიფიცირება გავლილ პირებს დაექვემდებარება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

აპრილიდან გაზის მოხმარებაზე, რეგულაციის გამკაცრებასთან დაკავშირებით, „ფორტუნამ“ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დავით ღონღაძე აცხადებს, სფეროში მოქმედ კერძო სექტორთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ტექნიკურ რეგლამენტში, ასევე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც მიზნად ისახავს კონტროლის გამკაცრებას ბუნებრივი აირის მოხმარებაზე.

სემეკის მეთოდოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ბარსონიძე „ფორტუნასთან“ გაზის მომხმარებლებისთვის აპრილის თვიდან გასამკაცრებელ რეგულაციაზე საუბრობს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც და ცვლილებების შემდეგაც გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, რომლებიც მომხმარებლის შიდა ქსელში არის,  პასუხისმგებლობა მობინადრეს ეკისრება.

„იმისთვის, რომ ეს მექანიზმები დაიხვეწოს და მომხმარებლებს ქონდეთ ბიძგი მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, 9-მდე ნორმატიულ აქტში მომზადდა ცვლილების პროექტი, რომელზეც საქართველოს მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. განისაზღვრება იმ ინფორმაციის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ხელმისაწვდომი  უნდა იყოს იმისათვის, რომ მომხმარებლის გაზმომარაგება დაიწყოს,“ – განაცხადა თამარ ბარსონიძემ.

სემეკის მეთოდოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, განისაზღვრება გარკვეული სამართალდარღვევები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც გათვალისწინებული იქნება გაფრთხილება, ხოლო მათი განმეორების შემთხვევაში დაჯარიმება.

უხეშ დარღვევებზე პირველივე ჯერზე მოხდება დაჯარიმება. ესენია:

  • გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა – როდესაც მომხმარებელს გაზის მიწოდება უსაფრთხოების გამო შეუწყდა.
  • ისეთი დანადგარის უკანონო მიერთება, რომელიც უსაფრთხოების მოთხოვნების გამო იყო ჩახსნილი.
  • მომხმარებლის მიერ დახურულ ტერიტორიაზე ღია წვის კამერის გამოყენება.

თამარ ბარსონიძის განმარტებით, ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის 90% ღია წვის კამერის მქონე დანადგარების გამოყენების შედეგად ხდება.

 

 

 

 

„ასეთი ტიპის დარღვევების შემთხვევაში თავიდანვე იქნება ჯარიმა, თუმცა სხვა ტიპის დარღვევებზე პირველ ჯერზე იქნება გაფრთხილება და შემდეგ  განმეორების შემთხვევაში დაჯარიმება,“ – განაცხადა სემეკის მეთოდოლოგიური საბჭოს წარმომადგენელმა.

 

 

 

ბარსონიძე გაზის დანადგარების უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური დეტექტორების გამოყენებაზეც საუბრობს.

“დეტექტორებს გარკვეული მახასიათებლები უნდა ჰქონდეს, რადგან ყველა დეტექტორი არ ნიშნავს იმას, რომ ის დაიცავს მომხმარებელს და გაზის გაჟონვაზე რეაგირება ექნება.
საკითხი მუშავდება, რომ ბუნებრივი გაზის დეტექტორთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია იყოს.

რაც შეეხება ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორს, ეს შეიძლება საჭირო იყოს, თუ მომხმარებლის უშუალოდ ობიექტზე წყლის გამაცხელებელი აქვს განთავსებული ან თუ მომხმარებელი ცენტრალური გათბობის ქვაბს იყენებს, რომელიც დახურულ ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული,” – აცხადებს თამარ ბარსონიძე.

შეუქმნის თუ არა დაკისრებული ვალდებულებები მოქალაქეების ნაწილს პრობლემას და გაზრდის თუ არა ხარჯებს? ამ კითხვაზე თამარ ბარსონიზე პასუხობს, რომ თუ ადამიანს დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქვს უსაფრთხოების ნორმები დაცული, მას დამატებითი ხარჯის გაწევა არ მოუწევს.

 

„უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც დღეს არსებობს, რაღაც ახალი ნორმები კი არ ემატება, არამედ ეს უსაფრთხოების ნორმები დაცული რომ იყოს, ამისი კონტროლის მექანიზმები ყალიბდება.

ზუსტად თანხას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ვის რამდენი შეიძლება დაუჯდეს, მაგრამ გარკვეულ ხარჯთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუ მომხმარებელს მაგ. ღია წვის კამერა დახურულ ტერიტორიაზე უყენია. ამ შემთხვევაში მას ამ დანადგარის ჩანაცვლება მოუწევს უსაფრთხო დანადგარით,“ – განაცხადა თამარ ბარსონიძემ.

მისი თქმით, ცვლილებების ამოქმედება შეამცირებს, უბედურ შემთხვევებს, რომლებიც ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვით არის გამოწვეული.

 

„სტატისტიკის პროგნოზირება ცოტა რთულია, მაგრამ ნამდვილად არის ისეთი მექანიზმები, რომლებიც თავად საზოგადოებისთვის არის კარგი. მომხმარებლის ინფორმირებისათვის შეიძლება დარიგდეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც საზოგადოებას ამ ნორმების დაცვაში დაეხმარება,“ – განაცხადა სემეკის მეთოდოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი სულთანიშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ცვლილებას უსაფრთხოების კუთხით დადებითი შედეგი ექნება, მაგრამ მოსახლეობა ფინანსური კუთხით ვერ გაწვდება.

„დახურული წვის კამერიანი გამათბობლები, გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ღია წვის მქონე კამერიანი. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ღია წვის კამერიანი გამათბობლები აქვს. ამიტომ ხდება ამდენი უბედურება, ზამთრის პერიოდში CO-თი ინტოქსიკაცია მგონი ყოველდღე ფიქსირდება,“ – განაცხადა გიორგი სულთანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, კონტროლი აუცილებელია მაგრამ, თუ ამას რაღაც ფორმით სახელმწიფო დაასუბსიდირებს, კარგი იქნება.

„მე მივესალმები ამ კანონს. უბრალოდ, სუბსიდირება ან მსგავსი რამ რომ გატარდეს ქალაქის მერიისგან ან მთავრობისგან, უკეთესი იქნება.
ფიზიკურად ვერ შეწვდება ხალხი იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირია ეს გამათბობლები.
CO-ს არანაირი სუნი არ აქვს და არანაირი ფერი არ აქვს, დაახლოებით ორი წუთი სჭირდება რომ ფატალური შედეგი დადგეს. შესაბამისად ვერცერთი ბრიგადა შემთხვევის ადგილს ვერ მიასწრებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დეტექტორების არსებობა, რადგან ის იმ წამში რეაგირებს,“ – განაცხადა სულთანიშვილმა.

 

 

mazda magti 5g