ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად” რეგისტრაცია ხვალამდე გაგრძელდება.
როგორც ”ფორტუნას” ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, იდეის შესაბამისად ლაბორატორიაში პროტოტიპები დაამზადონ.
“ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 150-ზე მეტი ადამიანი. 30-31 იანვარს ტექნოპარკში, კრეათონი ჩატარდება, სადაც მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და იდეებზე იმუშავებენ. პროექტი 30 იანვარს, 14:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში დაიწყება. 31 იანვარს, 19:00 საათზე, კი იდეების პრეზენტაციები გაიმართება.”- განმარტეს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, შეირჩევა 12 გუნდი, რომლის მონაწილეებიც გაივლიან ტრენინგებს მარკეტინგის, იურიდული და ფინანსური მიმართულებით. იდეების ბიზნესად ქცევაში გუნდებს დაეხმარებიან მენტორები. ტექნოპარკის ფაბ ლაბის გამოცდილი თანამშრომლები მონაწილეებს გააცნობენ ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესაძლებლობებს და პროტოტიპირების პროცესში დაეხმარებიან.
“ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრა თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები. დღეს ფაბ-ლაბი იძლევა საშუალებას ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება”, – განაცხადეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.