საჯარო რეესტრი პარტნიორთა კრების მიერ “მაესტროს” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ ბაია გადაბაძის მოთხოვნას, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გადაბაძე მოითხოვს, რომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრიროს “მაესტროს” გენერალური დირექტორის ცვლილება, იქამდე ვიდრე პროცესთან მიმართებაში გარკვეული დეტალი ბოლომდე არ გაირკვება.
ამასთან, გადაბაძის განცხადებით, ძმები გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიაში სამუშაოდ ვერ შევლენ, რადგან შენობა მათი საკუთრება არ არის. მისივე თქმით, შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის.
“ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური, რადგან საარჩევნო წელია. თუ სტუმრად მოვა გადაცემაში ან ჩემთან მოვა სალაპარაკოდ, მას შემოუშვებენ, თუმცა, თუ ის შემოვა შენობაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, ტელევიზიის სამართავად, ეს უკანონო იქნება და იმედი მაქვს არ წავა ამაზე ბატონი ლევანი”, – განაცხადა გადაბაძემ.
როგორც ცნობილია, გადაბაძე “მაესტროს” პარტნიორთა კრებამ გუშინ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.
გადაწყვეტილების შემდეგ ბაია გადაბაძემ გაფიცვა გამოაცხადა. მან გუშინვე საჯარო რეესტრს მიმართა, “მაესტროს” დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს, რადგან მისი შეფასებით, “ეს იქნება არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება”.