კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციას რატომ ახდენენ, ეს არ მესმის. თუ ვიღაცას ჩემი თანამდებობა უნდა, ესეც სასაცილოა. თუ საბუთებში რაღაც აღმოაჩინეს, დამიბარონ და მითხრან, ასეთი რაღაც არის და გამოასწორეო. 15 000 ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება ნარკობარონი ვარ! რაში გადამახდევინეს? ჩემთვის ესეც გაუგებარია. რომელი ბიზნესმენი მე ვარ? მამუკა ვარ ხაზარაძე, თუ, ბიძინა ივანიშვილი?, – ამის შესახებ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ განაცხადა.
ბასილია სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება. აღნიშნულ ბრალს ბასილია სასაცილოს უწოდებს. მისივე განმარტებით, ამით კარატეს ფედერაციამ იზარალა.
„ზუსტად 30 წლის წინ, კარატეს ფედერაციამ მიიღო პირველი დარტყმა, ეს იყო 9 აპრილს, რუსეთის მხრიდან დარტყმა. მაშინ კარატეს ფედერაციამ სერიოზული დარტყმა მიიღო. ახლა მივიღეთ მეორე დარტყმა, რომელსაც ვარკვევ, საიდან მოდის და რა უნდათ. თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ძალიან მარტივად შეუძლიათ გამოიძიონ, თუ ვინმე დასასჯელია, დასაჯონ, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟს რომ გიტეხავენ და დისკრედიტაციას ახდენენ ლიცენზირების წელს, რას უნდა ემსახურებოდეს ეს, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ისეთ რაღაცაზე მედავებიან, რაც ნებისმიერ გამომძიებელს შეუძლია ნახოს, რომ ის შეჯიბრი, სადაც ათი კაცის ფული მოვითხოვეთ, 124 კაცი წავიყვანეთ, დავხარჯეთ 40 000-ზე მეტი. რატომ ახდენენ კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციას, ეს არ მესმის. თუ საბუთებში რაღაც აღმოაჩინეს, თან ერთი წლის წინ – მდივნის შეცდომა, შეუძლიათ ან მდივანი დაიბარონ, ან მე დამიბარონ და მითხრან, ასეთი რაღაც არის და გამოასწორეო. ჩვენ ხომ არ ვართ შპს, რომელიც მოგებაზე მუშაობს. ჩვენ ვართ მოწადინებული, საქართველოს დროშა აღვმართოთ და ჩვენი სპორტსმენები გავიყვანოთ. არის ცდომილება? კი ბატონო, დამიძახე, კარგად გაერკვიე ამ სპორტის სპეციფიკაში, მოგვეცი მითითება. 15 000 ლარი გირაო გადამახდევინეს, გეგონება ნარკობარონი ვარ! ყველა „კაპიკს“ ვეძებ, რომ ფედერაცია რაღაცნაირად გამოვიყვანო, ოლიმპიური ლიცენზია ავიღო და 15 000 ლარი გირაო გადამახდევინეს. რაში? ჩემთვის ესეც გაუგებარია. რომელი ბიზნესმენი მე ვარ? მამუკა ვარ ხაზარაძე, თუ, ბიძინა ივანიშვილი? როგორც მეუბნებიან, რაღაც საბუთი იყო გაყალბებული, ის კაცი, არ წავიდა, რომელიც საბუთში იყო მითითებული. ის მდივანი კიდევ, ახლა ისრაელში ცხოვრობს, დაკითხულიც არ არის ის გოგო. ეს არის შარშანდელი ამბავი, ერთი წელი გავიდა ზუსტად. ახლა სასამართლო ჩაატარეს, გირაო შემიფარდეს და გაავრცელეს ინფორმაცია. ამით რა მოიგეს? ქართულმა სპორტმა მოიგო?“, – აცხადებს ბასილია.
წყარო: ipn