”თავისუფალი დემოკრატები” ამ თემაზე საუბარს არ დავიწყებდით, თავად რომ არ ვყოფილიყავით დარწმუნებული იმაში, რომ საქმე ეხება ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის გასხვისებას, ეს განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი მტკიცებით, საცალო ბაზრის გარდა, ”კავკაზუს ონლაინი” რუსულ კომპანია ”ვიმპელკომთან” მოლაპარაკებებს მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე მართავს.
”ჩვენი მიზანი არ არის რაიმე ფორმით ხელი შევუშალოთ ბიზნესის აქტივობას ან ყიდვა-გაყიდვას. ჩვენი მიზანია, ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, არ მოხვდეს ისეთი კომპანიის ხელში, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცეს. რუსულ და ქართულ კომპანიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალების შესახებ ინფორმაცია ვინ მოგვაწოდა, წყაროს არ ვასახელებთ” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” მიიჩნევს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არ უნდა გასხვისდეს, ამიტომ ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ისინი მოუწოდებენ მთავრობას, დაინტერესდნენ ”კავკაზუს ონლაინსა” და ”ვიმპელკომს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით.
”პრემიერი და ნებისმიერი ოფიციალური უწყება გვესაუბრება იმ დოკუმენტებით, რაც დღეს არსებობს. დიახ, ჯერჯერობით მარეგულირებელ კომისიაში არ არის შესული ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა და გარკვეული დეტალებია შესათანხმებელი” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.