„ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის”,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას პოსტიდან წასვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ქუცნაშვილი ამბობს, რომ მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები მისთვის უცნობია, ხოლო მინისტრების საქმიანობის შეფასება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა.
„სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.გიორგი ქობულიას თანამდობობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას პრემიერმა ბახტაძემ გუშინ საღამოს მოაწერა ხელი.
ჟურნალისტების კითხვას, ქობულიამ თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუ გადააყენეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახი კახიშვილმა ნათლად არ უპასუხა და განაცხადა, რომ საკადრო ცვლილება კონსულტაციების შედეგად შეთანხმდა თავად ქობულიასთან, თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან.