LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ფეხბურთში რევოლუცია მოდის: ჩემპიონატი 10-გუნდიანი ხდება

109

ფეხბურთის ფედერაციამ დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის განვითარების რევოლუციური 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეაა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს. ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც – ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს. გარდამავალი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება.

გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.
ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან.

ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით აიხსნება.
ამას გარდა, უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე გაიმართება. აუცილებელი პირობა იქნება თამაშების კეთილმოწყობილ სტადიონებზე, განათებაზე ჩატარება და სატელევიზიო გაშუქება. ეს კიდევ ცალკე პუნქტია. მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა.
სახელმწიფო სახსრების მობილიზაცია ერთიან ფონდში მოხდება, რომლიდანაც დაფინანსდება განვითარების პროგრამები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები, ფეხბურთის ფედერაციას კი მხოლოდ ფიფა-უეფასა და სამინისტროს ძველი დაფინანსება დარჩება. ანუ სფფ-ს ამ ფულთან შეხება არ ექნება. ფონდის მიზანია ჩემპიონატში დონის ამაღლება, ფეხბურთში თანამედროვე მართვის მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, პლუს – სოციალურ აქტივობაში ფეხბურთის ჩართულობის გაზრდა.

თანხები დაიხარჯება მსაჯთა მომზადებაში, აგრეთვე, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე – შესაძლოა, მსაჯთა აკადემიაც ჩამოყალიბდეს. დაიწყება დეფიციტური კადრების (ფიზმომზადების მწვრთნელები, მწვრთნელ-ანალიტიკოსები, სპორტული მედიკოსები, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტები და მოედნების აგრონომები) გადამზადება. საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და რეგიონში დასაქმებულ დამწყებ მწვრთნელებს D ლიცენზიებს გადასცემენ. არის სურვილი, რომ გაუმჯობესდეს C კატეგორიის კურსებზე სწავლება, ხოლო B, A და PROF-ლიცენზიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საქმე ისაა, რომ ამ კატეგორიაზე სწავლა ძვირია და ყველა მსურველი ვერ ახერხებს.

 

ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა 13-წლამდელთა რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებითა და მათი ასაკის სასკოლო ჩემპიონატის გამართვითაა გათვალისწინებული. ადგილობრივი ტურნირების შემდეგ ჩამოყალიბდება რეგიონული ნაკრებები და მათ შორის, ერთიანი შეჯიბრება გაიმართება.

გოგონებისთვის ეროვნული ჩემპიონატი, 15-წლამდელთა რეგიონული თასის გათამაშება და 11-წლამდელთა სკოლის ჩემპიონატი იგეგმება.

 

ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g