ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც “ფორტუნას” კომპანია „რუსთავის წყალიდან“ აცნობეს, დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, ძლიერი ქარის გამო გარდაბანის რაიონში ავარიულად დაზიანდა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტის – ხრამის სათავო ნაგებობის მკვებავ ქვესადგურ „მარანს“.
აღნიშნულის გამო, ამ დროისთვის, წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს ქ. რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას.
“წყალმომარაგების აღდგენის დრო ამ ეტაპზე უცნობია. წყლის მიწოდების აღდგენა ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე მოხდება,” – განაცხადეს კომპანიაში.