LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ციხეში განთავსებული 11 არასრულწლოვნისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო

127
1556291515-არასრულწლოვნების-ციხე-1024x490

„დღეიდან ეს ბავშვები მეტ დროს გაატარებენ ეზოში, ჰაერზე, ვიდრე ე.წ. სასეირნო საკანში,” – ასე დაიწყო ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში წინასააღდგომო შეხვედრა თეა წულუკიანმა არასრულწლოვან პატიმრებთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო იმ 11 არასრულწლოვნისთვის, რომლებიც ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მინისტრის დღევანდელი ვიზიტისას არასრულწლოვნები პირველად გამოვიდნენ საკნებიდან და მათთვის მოწყობილ სპეციალურ ეზოში მზეზე რამდენიმე საათი გაატარეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დღის განმავლობაში გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ წარსულში არაერთი რეკომენდაცია გაიცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„მათ შორის, ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქცენტი სწორედ ნომერი მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე გაკეთდა. კომიტეტის მიერ, რეკომენდაციის სახით, ხაზგასმით იყო აღნიშნული იმ დროისათვის არსებული ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლის, მისი კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის საჭიროება. იგივე რეკომენდაცია გასცეს 2015 წელს კვლავ ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) და 2017 წელს ევროკავშირისა და „იუნისეფის” (UNICEF) საერთაშორისო ექსპერტმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 11 არასრულწლოვანია, მათ შორის სამი მსჯავრდებულია, ხოლო რვა – ბრალდებული.

magti 5g