Facebook-მა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე ყალბი ამბების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილებას ქმნის. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
სოციალურმა მედია გიგანტმა მანამდე მსგავსი განყოფილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში შექმნა.
ცნობილია, რომ არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება.
ბოლო ორ წელიწადში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.
ყალბი ახალი ამბების გავრცელების ფონზე, მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, Facebook-მა მარტში ახალი სარეკლამო რეგულაციები აამოქმედა.
ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართება. Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამისთვის რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური რეკლამების არქივიც არის შექმნილი.
თავის დროზე აშშ-ში მსგავსი ნაბიჯი გადადგა Google-მაც.
Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.