სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად იმსჯელეს, თუ რა პერიოდიდან შეიძლება ჩაერთოს მოგების გადასახადის რეფორმაში სადაზღვევო სექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნეს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.
”ვისაუბრეთ დაგეგმილ საგადასახადო რეფორმებზე, მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აღნიშნული დარგის განვითარებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია, იმისთვის, რათა უკეთ გავიგოთ ბიზნესის პრობლემები, რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბიზნესს განვითარებისთვის, მათ შორის, საუბარია პორტფელური ინვესტორების მოზიდვაზე. ვფიქრობ, სადაზღვევო სექტორი ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი საინტერესო სექტორია,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.