რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს შორის, ადრე თუ გვიან, შეხვედრა უნდა შედგეს, თუმცა, ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი ნაადრევია, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ახალი მოცემულობა არ არის, გარდა იმ განცხადებებისა, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს პირველმა პირებმა გააკეთეს, სადაც დაადასტურეს, რომ შეხვედრის ორგანიზება, გარკვეულ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი ასეთი შეხვედრა გაიმართება, მასზე აუცილებლად უნდა იყოს განხილული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, უკავშირდება. დღეისათვის, ვითარება საკმაოდ მძიმეა, გარდა იმისა, რომ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, არის ურთულესი მოუგვარებელი საკითხები, ფაქტობრივად, ვითარება ჩიხშია შესული, გრძელდება ოკუპაცია და რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. სეხვედრის ორგანიზებამდე, სწორედ ეს საკითხებია გასათვალისწინებელი” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კითხვას, შეხვედრის დაგეგმვის შემთვევაში, ვინ უნდა გაემგზავროს პუტინთან შესახვედრად, პრეზიდენტი თუ პრემიერი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. მისი თქმით, შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება.
რაც ეხება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას, როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ წლის მეორე ნახევარში საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი მოიხსნას. მისი თქმით, ამ საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან, შეხვედრაზეც განიხილავენ.
“გასული წლის ბოლოს, პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მოიხსნება. წლის დასაწყისში გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში უკვე შევიდა, რამაც საქართველოს მოქალაქეებს მოუხსნა პრობლემა. არ გამოვრიცხავთ, რომ წლის მეორე ნახევარში საერთოდ მოიხსნება” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.