პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა უნდა ამოქმედდეს, ამის შესახებ კამპანია ”ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ბურჯანაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, მსგავსი ფაქტების პრევენციისათვის მხოლოდ დამნაშავე პირების იდენტიფიცირება საკმარისი არ არის და აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები სისტემური ცვლილებებისაკენ.
”უნდა მოიხსნას კითხვები, რომლებიც კანონმდებლობაში არსებობს უშიშროების უწყებების მიმართ. პირადი ცხოვრების ამსახვეი კადრების გამოქვეყნების წინა შემთხვევებში, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არაადეკვატური იყო. ამის ნათელი მაგალითია, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ჟურნალისტს პირადი ცხოვრების მასალის გამოქვეყნებით ემუქრებოდა. მან მიიღო ლმობიერი სასჯელი. თანამდებობის პირის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება საზოგადოებისათვის ნიშნავდა იმ მესიჯის გაგზავნას, რომ ეს არცთუ მძიმე დანაშაულია. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა” – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნასაც ითხოვენ, რომელიც უცხოელი ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. გიორი ბურჯანაძის თქმით, ექსპერტები მონიტორინგს გაუწევენ და შეაფასებენ, რამდენად სწორ და ადეკვატურ საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებენ შესაბამისი ორგანოები.