სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიული მაქსიმუმზეა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” (აფბა) ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან” ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ძალიან დიდია და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს.
მონიტორინგი ბოლო 6 წელს მოიცავს (2013 წლიდან 2018 წლამდე), რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ძირითადი მიზეზები, რის გამოც სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ.
აღნიშნული გარემოებებია:
- ფინანსური დავალიანება;
- საზღვარგეთ სასწავლებლად წასვლა;
- ორსულობა;
- მშობიარობა და ბავშვის მოვლა;
- ავადმყოფობა;
- სხვა მიზეზები.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ მიზეზთაგან ყველაზე ხშირად სტუდენტები სწორედ ფინანსური დავალიანების გამო იჩერებენ სტატუსს. მეორე ადგილზე კი რაოდენობის მიხედვით სტატუსი “სხვა მიზეზი” დასახელდა.
“აფბას” ინფორმაციით, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ფინანსური დავალიანების გამო წლიდან წლამდე ასევე მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
2018 წ | სტატუსის შეჩერება – ფინანსური დავალიანების გამო | 20935 |
2018 წ | სტატუსის შეჩერება – სხვა მიზეზი | 32419 |
2018 წ | სტატუსის შეჩერება- ავადმყოფობის გამო | 155 |
2018 წ | სტატუსის შეჩერება- ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო | 240 |
2018 წ | სტატუსის შეჩერება- საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო | 183 |
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევები, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან სტატუსის შეჩერების პროცესში სტუდენტები კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ და სტატუსის შეჩერების მიზეზად უთითებენ კრიტერიუმს “სხვა მიზეზი”, რაც საბოლოო ჯამში უფრო რეალური სურათის დანახვას ართულების, თუ რამდენი სტუდენტი იჩერებს სტატუსს უსახსრობის გამო.
ის, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც. თუმცა, ეს ფაქტი სხვა მიზეზებით ახსნეს. განათლების მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, სტუდენტების საერთო რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, მისი განმარტებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რაც შეეხება ფინანსურ მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, ირინა აბულაძე ამბობს, რომ ამ მიზეზით სტუდენტის სტატუსის შეჩერება მაინცდამიანც დავალიანებას არ ნიშნავს.
„უნივერსიტეტები ავტონომიურები არიან. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტი თავად წყვეტს რა არის ფინანსური დავალიანება. ფინანსური მიზეზით სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება არ ნიშნავს მაინცდამაინც დავალიანებას. მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებში ყველაზე დიდი რაოდენობაა სტუდენტის სტატუსის შეჩერების, რადგან საქმდებიან სტუდენტობის დროს და იქ სტატუსის შეჩერების დროს მიზეზად დასაქმებას ვერ მიუთითებენ და სწორედ ამიტომ უთითებენ ფინანსურს, რადგან მისთვის ის დასაქმება ფინანსების შემომტანია. ანუ სინამდვილეში ეს რამდენად არის სოცილურ ფაქტორთან დაკავშირებული, გასარკვევია.“- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” კვლევის შემდეგ რეკომენდაციების სახით საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და უნივერსიტეტებს მიმართავს.
- ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადახდის მოქნილი გრაფიკის შეთავაზება;
- ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დაწესებული ჯარიმების გადახედვა;
- სტუდენტებისთვის, დასაქმების შემთხვევაში შეღავათიანი დაბეგვრის სისტემის შეთავაზება;
- უნივერსიტეტის ბაზაზე, ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის დასაქმების შეთავაზება, იმდენად, რამდენიც ეს შესაძლებელია;
- ონლაინ სახელმძღვანელოების ბაზის გაზრდა, რომ სტუდენტებისთვის ფინანსური ტვირთი შემცირდეს.