საპარტნიორო ფონდი სასტუმროების მშენებლობას აღარ დააფინანსებს. როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, ფონდის საქმიანობა მოიცავს: ენერგეტიკას, ინდუსტრიულ სფეროს, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს.
„მოსვლის დღიდან შევეცადეთ, რომ ისეთი სფეროებიდან გამოვსულიყავით, სადაც დღეს ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით არის მოთხოვნა. მაგალითად, როგორიც არის ენერგოსექტორი და ჩემი მოსვლის შემდეგ, რომელი პროექტებიც დაგვხვდა ბოლომდე მიყვანილი, მხოლოდ მათ დაფინანსებაში შევედით და დამატებით არცერთი ენერგო-პროექტი არ აგვიღია. ანალოგიურად ერთი წლის წინ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნელ-ნელა ტურიზმის ისეთი სფეროდან გამოვიდეთ, როგორიც სასტუმროების მშენებლობაა. ჩვენ სტარტი მივეცით სასტუმროების მშენებლობას და თითქმის ყველა სასტუმროდან გამოვედით,“ – განაცხადა საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს სასტუმრო “ბორჯომი ლიკანის” გაყიდვის სამზადისზეც ისაუბრა. როგორც მან პარლამენტის წევრებს უთხრა, მოლაპარაკებებს „მერიოტთან“, „ინტერკონტინენტალთან“ და „სვის ოტელთან“ აწარმოებს.
ცნობისთვის, ამ წუთებში „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უსმენენ.