2016 წლის 25 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია მოეწყობა. მხატვარი თემო გოცაძე 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად დიდ რეტროსპექტულ გამოფენას აწყობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარი. მათ შორის მონუმენტური აბსტრაქციები, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. მასშტაბურ ექსპოზიციაზე მხატვრის კატალოგის პრეზენტაციაც იგეგმება ფართო საზოგადოებისათვის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი კოლექცია სახელწოდებით: „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. გამოფენა 2016 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება.