ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი ბორტი გამოაგზავნა, რათა ათივე ბავშვი სამშობლოში დავაბრუნოთ, – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიკოლა კულებამ გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ბავშვები საგარეჯოში არიან.
„ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. უკრაინულმა მხარემ მოამზადა ძალიან ბევრი დოკუმენტი ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქალბატონი სუსლიაკი ტრეფიკინგშია ბრალდებული. ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები, სადაც დედა ბავშვებს კარგად არ უვლიდა, 1 ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, 6 არის სუროგაციის გზით გაჩენილი, 1 არის ამერიკის მოქალაქე. იულია სუსლიაკი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მათ გადაყვანას აპირებდა. გამოძიება უკრაინაშიც ტარდება და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი. როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. თუ იულია სუსლიაკი დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არა – უნდა გათავისუფლდეს. ბავშვების გადაყვანა უკრაინაში დღესვე იგეგმება“, – განაცხადა კულებამ.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საქართველოში პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მხოლოდ ოთხი მათგანის ბიოლოგიური დედაა.