ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ხელსაყრელია საქართველოში ინვესტირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენალურ სესიაზე – “გლობალური ლიდერების დებატები” განაცხადა.
კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რამაც, კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის მიმზიდველობა.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80%-იანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ახალ რეფორმებს იწყებს, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეფექტიანი მმართველობა, განათლების სისტემის რეფორმირება და ინფრასტუქტურული და რეგიონული განვითარებაა.
“გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და რომელთა მიზანიცაა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს,”-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
