2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო მასწავლებლის ვიდეო გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მხოლოდ ერთ მათგანს გადაეცემა.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ცნობილი პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევანი არცთუ ადვილი გასაკეთებელი იყო:
„საქართველოს მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ათეული განისაზღვრა. წლევანდელი კონკურსანტები მართლაც ძალიან საინტერესონი იყვნენ – დიდმა კონკურენციამ გადაწყვეტილების მიღება გაართულა. ღირსეული პედაგოგები გვყავს და ეს კარგია!
ახლა კონკურსი კიდევ უფრო რთულ ფაზაში გადავიდა. წინ გასაუბრებები და აბსოლუტური გამარჯვებულის გამოვლენა გველოდება.
ათეულის ყველა წევრს ვულოცავ შესანიშნავ წარმატებას და ბევრ პიროვნულ თუ პროფესიულ გამარჯვებას ვუსურვებ“.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლსი ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს საუკეთესო ათ მასწავლებელს შორის მოხვდა და საქართველოში უდიდესი პოპულარობა და დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.
5 ოქტომბერს გაირკვევა, უკვე შერჩეული ათეულიდან რომელი მასწავლებელი დაიმსახურებს ამ პრესტიჟულ ჯილდოს.