„გია მურღულიას უნივერსალურ სკოლაში“ (გმუს) V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო კონკურსის პირველი, ტესტირების ეტაპი დასრულდა.
მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის კონკურსანტები, რომლებიც სწავლის დასრულებამდე სკოლის სრული (100%), 70%-იანი ან 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ტესტირების ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, კონკურსის მონაწილეებს მეორე ტური – გასაუბრება ელით. გასაუბრებაზე საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები გადავლენ, რის შემდეგაც საბოლოო გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
„ჩვენ უნდა აღვზარდოთ კულტურული ადამიანი, რომელსაც შეუძლია გასწიოს კონკურენცია“ – 11 ივლისი „გია მურღულიას უნივერსალურ სკოლაში“ ღია კარის დღეა
სკოლა მდებარეობს ლისზე, ლეო კვაჭაძის #13-ში.
სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პროგრამა დამატებით წახალისებასაც ითვალისწინებს: ის კონკურსანტები, რომლებიც ტესტირებაზე მაქსიმალური შეფასების გარკვეულ ზღვარს გადალახავენ, სკოლისგან 2-წლიან, 20%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ.



სასტიპენდიო კონკურსის მნიშვნელობასა და სკოლის პრიორიტეტებზე „გია მურღულიას უნივერსალური სკოლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია მურღულიამ ისაუბრა:
„სამ საუკეთესო მოსწავლეს თანადაფინანსებას შევთავაზებთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს სკოლაში სწავლა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი საზოგადოებისთვის. დღევანდელი ტესტირების შედეგად, ვინც გადალახავს 80-პროცენტიან ბარიერს, აი, მათ შევთავაზებთ ორი წლის განმავლობაში 20-პროცენტიან თანადაფინანსებას.

ჩვენ აქ გვაქვს ძალიან საინტერესო აკადემიური სივრცეები, ძალიან საინტერესო თავისუფალი სივრცეები. ყველაფერი არის ტექნიკურად უზრუნველყოფილი. ყველა მათგანს, ვინც დღეს აქ არის მოსული, ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას.
მე ვფიქრობ, ის ბავშვები, რომლებიც ჩვენთან მოვლენ, მიაღწევენ თავიანთ მწვერვალებს“, – განაცხადა „გია მურღულიას უნივერსალური სკოლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია მურღულიამ.
