LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52%-ს ფინანსური განათლების დაბალი ინდექსი აქვს

91

”თიბისი ბანკმა” ფინანსური განათლების შესახებ საქართველოში კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად გათვიცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში, როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს.

როგორც ”ფორტუნას” ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა განუცხადა, ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

”ეს კვლევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. აუცილებელია შევიტყოთ, ფინანსური განათლების როგორი დონეა საქარტველოში, რათა შემდეგ დავაკორექტიროთ ის ღონისძიებები, რასაც ვაკეთებთ, ან ტაქტიკა შევცვალოთ. კვლევას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩავატარებთ და ვნახავთ, როგორ შეიცვლება შედეგები” – აღნიშნა ქურდიანმა.

კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში. კვლევის ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემაზე: ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი.

კვლევის მიხედვით, ფინანსური განათლების ინდექსი შემდეგნაირად გადანაწილდა: მაღალი – 6%, საშუალო – 42%, დაბალი – 52%.

როგორც ბანკში აცხადებენ, მონაცემების გათვალისწინებით, ”თიბისი ბანკი” შეეცდება საკუთარ CSR პროექტებში მეტი აქცენტი გააკეთოს იმ თემებზე, რაც საზოგადოებაში ფინანსური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

კვლევა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ICET-ის სპეციალისტებმა მოამზადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები