სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თურქული სატრანსპორტო კომპანია ”მეტროს” საქართველოდან გასვლას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ისინი ორთაჭალის ავტოსადგურზე აქციას მართავენ.
როგორც ”ფორტუნას” ერთ-ერთმა მძღოლმა ბესო თაქთაქიშვილმა განუცხადა, კომპანია „მეტრო“ როგორც შიდა რეისებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებს ახორციელებს და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს კლიენტებს ართმევს.
”შიდა რეისებზე შემოდის, მონოპოლიის აღება უნდა, გვართმევს ჩვენ ნაშრომ-ნაწვალევს და ჩვენ ოჯახებს ტოვებს მშიერს. თუ ასე გაგრძელდა, მე და ჩემი ძმა ქუჩაში დავრჩებით, იმიტომ რომ ბანკში მაქვს ჩადებული ბინა. ეს გამაფრთხილებელი აქციაა. თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, მასშტაბურ აქციებს გავმართავთ და ოჯახებით გამოვალთ. მათ არაფერს დავუთმობთ. მივმართავთ ხელისუფლებასაც, გაითვალისწინოს ჩვენი ეს მდგომარეობა და მოთხოვნები” – განუცხადა ”ფორტუნას” ბესო თაქთაქიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მძღოლები ”მეტროს” წინააღმდეგ აქციას მართავენ ზუგდიდშიც, ორთაჭალის ავტოსადგურში კი 100-მდე მძღოლია შეკრებილი.
მძღოლები თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ”მეტროს” ავტობუსის დაბლოკვასაც არ გამორიცხავენ.
”ფორტუნა” კომპანია ”მეტროსაც” დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, აქციასთან დაკავშირებით პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ.
სატრანსპორტო კომპანია “მეტრო ჯორჯია” საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორია საქართველოში. კომპანია შიდა რეისებს ასრულებს ბათუმი-თბილისის და თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით, ასევე, საერთაშორისო რეისებს თურქეთის 10-მდე დიდ ქალაქში.