LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

77

მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, – ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ბუნებრივი გაზსაცავი, სასწავლო დაწესებულებები, საავადმყოფო, ავიაკომპანიის გახსნა და ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარება, – ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებით ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ. კორპორაციის დამფუძნებელს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენ ვგეგმავთ, განვაგრძოთ ინვესტირება ახალ პროექტებში, ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში. საუბარია როგორც ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობაზე, ასევე ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, „ჰუალინგმა“ ჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც  საქართველოს ბაზარზე შემოდის“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ჰუალინგის“ რეგიონული დირექტორის მოადგილე ვანგ ჰინფუმ.

საქართველოს მთავრობა ინვესტორებს პროექტების განხორციელებაში მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს“ შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტი, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის ბორტი დაემატება,  საქართველოდან შეასრულებს რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით, ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან კონკრეტული გეგმები, ჩაის პლანტაციების აღორძინების, ასევე, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით, რათა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g