LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბრენდები – თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი იხსნება

365

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი ”თბილისის ზღვის პლაზა” მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება. ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში შიდა სარემონტო სამუშაოები და გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” ახალი სავაჭრო ცენტრის მფლობელი ”ჰუალინგ ჯგუფიდან” აცნობეს,  ”თბილისის ზღვის პლაზა” 1200 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და აქ საწყის ეტაპზე 300-ამდე მაღაზია გაიხსნება.

”ეს იქნება მცირე ბრენდებზე ორიენტირებული სავაჭრო ცენტრი. აქ განთავსდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბრენდები. ძირითადად, უცხოეთიდან აზიური ქვეყნები ინტერესდებიან, მათ შორის ჩინეთი. თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ბრენდთანაც”,- განმარტეს ”ჰუალინგ ჯგუფში”.

მათივე ინფორმაციით, იგეგმება, რომ „თბილისის ზღვის პლაზა“ საქართველოსა და კავკასიის ყველაზე დიდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრად იქცეს. ის მომავალში საკუთარ თავზე აიღებს ევრაზიის რეგიონის საბითუმო, საცალო და და სადისტრიბუციო ცენტრის როლს, თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალ საქონელს და მოიზიდავს საუკეთესო კადრებს კომერციის სფეროში, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას ევრაზიის სატრანზიტო პუნქტის როლის შესრულებაში.

საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს: საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ ზონას, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერმინალს, სასაწყობო ზონას, კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს.

სავაჭრო ობიექტები დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა, ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანაქანის ნაწილები და სხვა. „თბილისის ზღვის პლაზაში“ ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

შეგახსენებთ, ”თბილისის ზღვის პლაზას” ”ჰუალინგ ჯგუფი” აშენებს. სავაჭრო ცენტრის გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად ის 2016 წლის 17 დეკემბერს, შემდეგ კი 2017 წლის 17 მარტს უნდა გახსნილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები