ხორვატიის ქალაქ პულაში ოთხი გუნდის საფეხბურთო ტურნირი მოაწყვეს: ორი „ბაიერნი“ (1990 და 2000-იანების ლეგენდები) და ორი ხორვატიის ნაკრები. გერმანელების მხარეს ითამაშეს ელბერმა და ოლიჩმა, ხორვატებში იყვნენ – პლეტიკოშა, კრანჩარი, შიმიჩი, შიმუნიჩი და ვუკოევიჩი.
მატჩები გაიმართა პულას ძველრომაულ ამფითეატრში. ზომით მეექვსეა მსოფლიოში, ის ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში ააგეს. ადრე 23 ათას მაყურებელს იტევდა, როდესაც გლადიატორებისა და ველური ცხოველების ბრძოლების სანახავად დადიოდნენ.
ამფითეატრში ნატურალური ბალახის მოედანი გააკეთეს. გუნდებმა 10-წუთიანი ორ-ორი ტაიმი ითამაშეს, რასაც 3500 მაყურებელი ადევნებდა თვალ-ყურს. გაიმარჯვეს 1990-იანების „ბაიერნის“ ლეგენდებმა.