LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფანასკერტელის ინდექსი“ 0,3%–ით შემცირდა

110

მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით, „ფანასკერტელის ინდექსი” 0,3%–ით არის შემცირებული და 11,07 პუნქტს შეადგენს. ეს მონაცემები „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლათფორმასთან“ ერთად, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის უნივერსალური ინდექსის, „ფანასკერტელის ინდექსის“ მეშვეობით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა.

„აფბას” ინფორმაციით, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე, მარტის თვის მონაცემებს შეადარეს. შედეგად, 16 მედიკამენტზე ფასი შემცირებულია, 5–ზე გაზრდილი, დანარჩენ მედიკამენტებზე კი ფასები უცვლელია.

„აფბამ“ მედიკამენტების ბაზრის კვლევა 2015 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო.

„6 თვიანი პერიოდის განმავლობაში ინდექსი ყოველთვიურად დაღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა, რაც რამოდენიმე ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველ რიგში, ეს იყო მთავრობის ინტერვენციები ბაზრის დივერსიფიცირებასა და კონკურენციის გამძაფრებასთან დაკავშირებით, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოყვანის სტიმულირებით იყო განპირობებული. მსგავსი მაგალითი ქართული ფარმაცევტული ბაზრის უახლოეს წარსულშიც მრავლად დაფიქსირებულა, როცა კონკურენციის გამძაფრებას უმალ მოყვებოდა მედიკამენტების უმეტეს ნაწილზე ფასების გაიაფება.  ხოლო მეორე რიგში, მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების შეცვლილი სტრატეგია მომხმარებლების მიზიდვის კუთხით, რისი ყველაზე რეალური და შესაძლებელი გზა კომპანიების მხრიდან კლიენტებისთვის დაბალ ფასად მედიკამენტების შეთავაზებაა”, – განმარტავენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, ბოლო პერიოდში, მედიკამენტებზე ფასების შემცირებაზე დადებითად იმოქმედა ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებათ, რამაც იმპორტირებულ წამლებზე ფასების კლება განაპირობა.

„ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამ და მისმა დასტაბილურებამ 2,31-2,20 ნიშნულის ფარგლებში, აპრილის თვეში ინდექსის მნიშვნელოვანი ცვლილება არ განაპირობა და სურათი თითქმის უცვლელად შენარჩუნდა, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, რასაც შეეძლო ფასებზე პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა მოეხდინა”, – აცხადებენ ”აფბაში”.

ფანასკერტელის ინდექსი წარმოადგენს თვლად, ციფრულ მაჩვენებელს, ჯანდაცვის სფეროს მომსახურების, სერვისებისა და სამედიცინო პროდუქციის ფასთა ცვლილების შესახებ. იგი სამედიცინო სფეროს მიმართულებების ისეთ ინდექსებს აერთიანებს, როგორიცაა: ფანასკერტელი ფარმა, ფანასკერტელი ჯანდაცვა, ფანასკერტელი კლინიკები, ფანასკერტელი – კეთილდღეობის ინდექსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g