LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინოვაციურ მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს – კანონპროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს

128
Untitled design

საქართველოს მთავრობა წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილებების შედეგად, სახელმწიფოს ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ტენდერის გარეშე, პირდაპირ მწარმოებელთან მოლაპარაკების გზით შეეძლება:

„განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონების პროექტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა, მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement) მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ინოვაციური ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლებზე, გაიზრდება წვდომა ინოვაციურ მედიკამენტებზე და გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა. აქვე, ხაზი გაესვა, რომ შედეგად, მკურნალობის დაფინანსება მეტი პაციენტისთვის იქნება შესაძლებელი ან გაიზრდება დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა მკურნალობის კურსის გათვალისწინებით.

მართული შესვლის შეთანხმება (MEA) მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ამ მექანიზმს იყენებს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები