ლუის ვან გაალმა ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი 2014 წლის 19 მაისიდან იკავებდა ”წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ინგლისის პრემიერლიგის 2015-16 წლების სეზონი ”მანჩესტერ იუნაიტედმა” 66 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
”წითელმა ეშმაკებმა” ვან გაალის ხელში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. ჯგუფში პსვ-სა და ”ვოლფსბურგს” ჩამორჩნენ და ევროპა ლიგაზე განაგრძეს ასპარეზობა, სადაც 1/8-ფინალურ ეტაპზე
მოძულე ”ლივერპულთან” განიცადეს მარცხი.
თუმცა ამ შაბათს ვან გაალმა მანჩესტერულ გრანდთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.
ჰოლანდიელის ხელში ”მანჩესტერ იუნაიტედმა” 103 მატჩი გამართა: 54 მოიგო, 25 ფრედ დაასრულა, 24 შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.
ყველაზე დიდი ალბათობით ”იუნაიტედს” ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს. მეტიც, ”მანჩესტერმა” მოურინიოს 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა პორტუგალიელ სპეციალისტს სხვა კლუბების წინადადება არ განეხილა.
ამბობენ, რომ ჟოზე ”მანიუსთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს (96 მილიონ ევროზე) და გუნდის გასაძლიერებლად 260 მლნ ევროს მიიღებს.