21 ივლისს, პროტესტის 32-ე დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქცია “სირცხვილია” ფლი მარკეტს მასპინძლობს.
აქციაზე საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან.
პროტესტის 32-ე დღე: პარლამენტთან აქციაზე ფლი მარკეტი გაიმართება
მარკეტის ფარგლებში საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას ყიდიან. შემოსული თანხის 20%-ს კი ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.
სხვადასხვა ანტისაოკუპაციო ნივთებთან, სტიკერებთან და ნივთებთან ერთად, იყიდება მაისურები, რომლებზეც 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურია გამოსახული.
თბილისში პარლამენტის შენობასთან, 20 ივნისს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი დაიწერა. ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სპეცრაზმმა დაარბია.
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები
პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.
აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.
შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.
მრავალათასიანი საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით მოეწყო. ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო. ახლა კი აქციის მონაწილეები დარბევის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითოვენ, თუმცა უშედეგოდ.
რა მოხდა მანამდე მოკლედ:
გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ.
ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.