LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიმგზავროთ ჩვილთან ერთად მშვიდად თვითმფრინავით – პედიატრის რჩევები

1068
tamar-ogbaidze-child

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა თვითმფრინავის ბორტზე ჩვილია? ,,ავერსის” კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ ობგაიძე ამ თემაზე საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც ჩვენი საიტის მკითხველს ვთავაზობთ.

„როცა თვითმფრინავის ბორტზე ჩვილია

ჩაძინებულს ლაინერის კაპიტნის ხმა მაღვიძებს:

– ძვირფასო მგზავრებო, ხომ არ არის ჩვენი თვითმფრინავის ბორტზე ექიმი? ბავშვს დახმარება სჭირდება.

პატარა მგზავრი გერმანელი ჩვილია. მთელი გზაა ტირის. ვერაფრით გააჩერა ვერც უკვე თავადაც ატირებულმა ახალგზრდა დედამ და ვერც მხიარულმა სტიუარდესებმა. გვერდით და უკანა სავარძლებში მსხდომი მგზავრებიც მთელი გზაა ბუზღუნებენ – წუთით ვერ მილულეს თვალი.

ჰოდა, სწორედ მაშინ დამებადა აზრი, თქვენთვის ახალი ბლოგი დამეწერა – როგორ ვიმგზავროთ ჩვილთან ერთად თვითმფრინავით მშვიდად. მით უმეტეს ახლა, შვებულებებისა და არდადეგების დროს, როცა მოგზაურობა განსაკუთრებით აქტუალურია.

მაშ, ასე, პირველი, რაც უნდა სწორად დაგეგმოთ, თვითმფრინავში თქვენი ადგილია. უკანა რიგებში მომატებულმა ხმაურმა პატარა შეიძლება არ დააძინოს, ამიტომ ეცადეთ, ბილეთი წინა რიგებში დაჯავშნოთ.

თუ თქვენი ფინანსები მომჭირნედ ხარჯვას არ ითხოვს, უმჯობესია, პატარას ცალკე ადგილი უყიდოთ, ბევრ ავიაკომპანიას ამ მხრივ შეღავათებიც აქვს. ეს საშუალებას მოგცემთ, ფრენისას გქონდეთ დამატებითი სივრცე მის დასაძინებლად, საფენის შესაცვლელად.

არ დაგავიწყდეთ, რომ რეგისტრაციისას საბავშვო ეტლიც შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომლითაც თვითმფრინავამდე კომფორტულად მიიყვანთ ჩვილს.

ჩვილის სამგზავროდ, თუ მას ადგილი ცალკე აქვს, სპეციალური დასაჯდომია საჭირო, სადაც ის უსაფრთხოდ განთავსდება. თუ პატარა უკვე მიჩვეულია მანქანაში მშვიდად ჯდომას საკუთარ სავარძელში, ამას არც თვითმფრინავში გააპროტესტებს.

მგზავრობისთვის პატარას განსაკუთრებული გამოპრანჭვა საჭირო არ არის. აეროპორტში დახვდურები, რომლებიც მოთმენლად ელიან მას, ვერც შეამჩნევენ, ბალერინას კაბით გყავთ თუ უბრალო კომბინიზონით. უმჯობესია, მოხერხებულად ეცვას, რათა მოუხერხებელ პირობებშიც ადვილად შეძლოთ შესაკარვების სწრაფად გახსნა, სამოსის ან საფენის გამოცვლა.

ჩასხდომამდე არ დაივიწყოთ, შეირბინოთ ტუალეტში, სადაც ჩვილის გამოსაცვლელი მაგიდაა და თვითმფრინავში უკვე მოწესრიგებული პატარა შეიყვანოთ.

რა უნდა აიტანოთ ბორტზე

საფენები და გამოსაცვლელი სამოსი

წყალი

სველი ხელსახოცები

მატყუარა საწოვრა

ახალი სათამაშოები, რაც ბავშვს ჯერ არ უნახავს

ფერადსურათებიანი წიგნი

ბოთლი ჩვილის საკვებისათვის და საკვები. მის გათბობაში სტიუარდესა დაგეხმარებათ. ცხელი წყლითაც ის მოგამარაგებთ.

თუ ბავშვი მოზრდილია, რომელიმე საწუწნი კანფეტი, ორცხობილა ან ნამცხვარი წაიღეთ.

მედიკამენტები, რომელთა მიღება პატარას ბორტზე მოუწევეს ექიმის დანიშნულებით და დოზის გამოტოვება არ შეიძლება.

აუცილებლად იქონიეთ პარაცეტამოლის ან იბუპროფენის სიროფი იმ დასაშვები მოცულობით, რასაც ავიაკომპანიას აქვს ნებადართული. ეს პრეპარატები ტკივილის მართვისათვის გამოგადგებათ.

არ დაივიწყოთ წყალი – ხშირად შესთავაზეთ პატარას , გაუწყლოვანების თავიდან ასაცილებლად, რაც ფრენისასაა მოსალოდნელი.

აფრენა-დაფრენის დისკომფორტის დაძლევა

წნევათა სხვაობა, რაც ყურების დაგუბებას და უსამოვნო შეგრძნებებს იწვევა აფრენა-დაფრენისას, ბავშვებს ისევე აწუხებთ, როგორც ჩვენ.

ამ დისკომფორტის დაძლევა წოვით, წუწნით ან საკვების მიღებით შეიძლება. ჩვილს მიეცით მატყუარა საწოვარი, ან სულაც ხელოვნური ნარევი, გამოწველილი რძე ან ძუძუ შესთავაზეთ. წოვის პროცესში ის ადვილად გადაიტანს წნევათა სხვაობაით გამოწვეულ დისკომფორტს.

უფრო მოზრდილ ბავშვს საწუწნი კანფეტი ან რაიმე სხვა საწუწნ-საკნატუნო შესთავაზეთ .

არ დაგავიწყდეთ, რომ არსენალში სველი ხელსხოცებიც გაქვთ, მგავრობისას ის არამარტო საფენქვეშა არის, არამედ პატარა ხელების გასაწმენდადაც გამოგადგებათ.

დაბოლოს, წუწუნა ადამიანებს რა გამოლევს? მიწაზეც არიან და თვითმფრინავის ბორტზეც. ნუ გაგანერვიულებთ მათი უკმაყოფილო გამოხედვა და დემონსტრაციული ამოოხვრა ბავშვის ტირილის პასუხად. აუღელვებლად შეეცადეთ დაამშვიდოდთ პატარა, მიეცით ძუძუ ან საკვები, აიყვანეთ, მიეცით ახალი სათამაშო ან დაათვალიერებინეთ ახალი წიგნი, რაც აუცილებლად გამოიწვევს მის ინტერესს. თქვენი სიმშვიდე მისთვის გადამდებია. თუ თქვენ თავად დაიწყებთ ნერვიულობას, პატარას ვერაფრით დააწყნარებთ.

მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ, მეგობრებო!„

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g