LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი ინტერნეტით დაიფარება

209
ინტერნეტი-600x600

ფშავხევსურეთის ინტერნეტიზაცია ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კუთხეს, გააუმჯობესებს განათლების ხარისხს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს  – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„სოფელ როშკას ინტერნეტიზაცია არის იმ დიდი პროგრამის ნაწილი, რომელსაც ჩვენი მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს – ეს არის სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ნაწილობრივ, დონორების მიერ ფინანსდება. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა როშკასთვის, აქ შეყვანილია მაღალი ხარისხის ინტერნეტი, რაც ერთი ორად აამაღლებს ტურისტულ მიმზიდველობას და ტურისტულ პოტენციალს“ – აღნიშნა თუნავამ.

მისივე ინფორმაციით, როშკასთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ასევე უტარდება უფასო ტრენინგები, თუ როგორ განათავსონ თავიანთი საოჯახო სასტუმროების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ საიტზე.

ცნობისთვის, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტ საზოგადოებისა (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით დაიწყო.

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე – პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები. სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს ინტერნეტის ქსელი, რომლითაც იფარება უკანა ფშავის დასახლებები – თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა, ხოლო უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები – ელიაგზა, ჩათხევი, გოგოლაურთა, ზარისჭალა. ამ ეტაპზე არხოტის ხეობის (არხოტის უღელტეხილი – ზეთუკის მთა) ინტერნეტით დაფარვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი).

მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსა და მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ძალისხმევით, ამ რეგიონში მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდება IP ტელეფონით სარგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბავშვიან ოჯახებს როუტერები, IP ტელეფონები და სახლის მიმღები „Wi-Fi“ მოწყობილობები უფასოდ გადაეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g