თამარ გუდავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამბავს, რომლის მონაწილეც თავად არის და ასევე გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნარსია. როგორც ამბის მონაწილე ჰყვება, მახმაროსკენ მიმავალ გზაზე ცოლ-ქმარი გაიცნო, რომლებიც სიმინდით ვაჭრობენ, თუმცა ნებართვა არ აქვთ და თამარ გუდავამ მათი ზურაბ ნასარაიასთან დაკავშირება საკუთარ თავზე აიღო:
„ეს ამბავი უნდა მოგიყვეთ!
რამდენიმე დღის წინ ბახმაროსკენ მივდიოდით. გზად, ცხრაწყაროსთან ამ ცეცხლზე შედგმულ მოთუხთუხე ქვაბს ყველა შეამჩნევს. ძალიან გემრიელ სიმინდს ეს ცოლ-ქმარი სთავაზობს მგზავრებს. ჩვენც გავაჩერეთ მანქანა, სიმინდი ავიღეთ და გამოველაპარაკეთ. ბატონმა ზურაბმა დანანებით თქვა, აქ კი ვდგავართ და ვმუშაობთ, მაგრამ ნებართვა არ გვაქვს და ვერ მოვახერხეთ მისი აღებაო. გამიკვირდა…
ბ-ნი ზურაბი და მისი მეუღლე თურმე 24 წელია გურიაში ცხოვრობენ, აჭარიდან არიან – ირემაძეები. უფრო ავფორიაქდი და ვკითხე, ხომ არ გიცდიათ გურიის გუბერნატორამდე ამ ამბის მიტანა-თქო? ბ-მა ზურაბმა, არ გვიცდიაო, გუბერნატორს ჩვენთვის სცალია ახლაო? მისი ნომერი ჩავიწერე და ვუთხარი: შევეცდები მივიტანო თქვენი ამბავი-მეთქი. რომ გითხრათ, დიდი იმედით გადმომხედა-თქო, ვერ გეტყვით.
დავბრუნდი თუ არა, მივწერე გურიის გუბერნატორს, ბ-ნ ზურაბ ნასარაიას.
მისთვის ჩვეული სისწრაფით და ყურადღებით მიპასუხა: თამუნა, აუცილებლად მე თვითონ მივალ და გავარკვევ ამბავსო.
მოკლედ, გუშინწინ მომდის ეს ფოტო, ტექსტით: “თამუნა, ვიყავი, ვინახულე და ყველაფერი მოუგვარდებათ!”
ამის პარალელურად მირეკავს ბ-ნი ზურაბი (ირემაძე):
„რა გითხრა, დაია, ეს რა დღე გამითენეთ! იყო ზურაბ ნასარაია, კი გავგიჟდით რომ დევინახეთ, მარა რა დროის იყო… მოგესმინათ რაფერ მელაპარაკა, გლეხი რომ ყველა სიტყვას გეიგებს ისე, თანამდებობაზე რომ ლაპარაკობენ, ისე კი არა! თქვენ არ იდარდოთ ყველაფერს მოვაგვარებთო! რაფერ ვთქვა, აღარ ვიცი, კი გამახარეთ უსაზღვროდ! აქ რომ ჩეივლით და არ გაჩერდებით ჩემი სიმინდის საჭმელად, მაწყენიებთ იცოდეთ“.
მოკლედ… მინდა იცოდეთ, ასეთი კაცია გურიის გუბერნატორი! ყურადღებიანი და ერთი სიტყვით: დიდი კაცი!
ზურა, დიდი მადლობა!
ასე საჯაროდ მადლობა, ამ ოჯახის ასე გახარებისთვის!
#მეტიზურასნაირისაქართველოს!“