ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეყრდნობა. როგორც ლევან ბოძაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებზე ძირითადად არასამთავრობო სექტორის მხრიდან გაჩნდა გარკვეული კითხვები, სურს განმარტება გააკეთოს, რაზეა საუბარი.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასამთავრობოებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ პრობლემატიკით, უნდა განასხვაონ რომ მათი და ვენეციის კომისიის შეხედულებები განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება ემთხვეოდეს, მაგრამ სრულად რაც არის საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ასახული ეს თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას. არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ ეს დასკვნა არის თანხვედრაში იმ მოსაზრებებთან, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნა აგებულია მსჯელობაზე, შეფასებაზე წარმოდგენილი ცვლილებებისა, ხოლო დასკვნის სახით მოცემულია ის პრინციპული მნიშვნელობის ნორმები, რომლებიც უნდა აისახოს სხვაგვარად, ან შეიცვალოს, ან ამოღებულ იქნას საკანონმდებლო პაკეტიდან ვენეციის კომისიის აზრით. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეყრდნობა ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, იზიარებს ამ მოსაზრებას და შესაბამისად,ასეთი სახით იქნა გადაგზავნილი პარლამენტისთვის“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რამდენიმე საკითხი გამოყო, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო შეეხო. პირველი, მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესია ე. წ. კვორუმთან მიმართებაში.
”განსხვავებული კვორუმია შეთავაზებული, ვიდრე იყო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოდგენილი. პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რომ აქ საუბარია ე. წ. დიფერენცირებულ კვორუმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული საკითხების – ე. წ. სპეციფიური, განსაკუთრებული ტიპის კომპეტენციების მიმართ, რისი პრაქტიკაც არსებობს, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულია გარკვეული მიდგომები. რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ათწლიანი ვადის საკითხს, რომ ათწლიანი ვადა არ უნდა გაგრძელდეს ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ეს ვადა ასევე არ უნდა შეეზღუდოს ვადის ამოწურვამდე არც სამი თვით ადრე ან სხვა პერიოდის განმავლობაში. ვენეციის კომისიაც პირდაპირ ამბობს თავის დასკვნაში, რომ ასეთი შეზღუდვა დაუშვებელია, თუ არ განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილება. შესაბამისად, ეს პოზიცია გაზიარებულია მთლიანად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში“, – განმარტა ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება გადაჭარბებული კვორუმის თემას. ბოძაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მთლიანად იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, კონკრეტულად კი, იმ კრიტიკულ ნაწილს, რომელსაც ”შეგვიძლია მივცეთ დასახელება, როგორც დასკვნის ერთგვარი სარეზოლუციო ნაწილი”.
ბოძაშვილის განმარტებით, მესამე საკითხი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი მოსამართლის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემას. მისი თქმით, ვენეციის კომისია ამ საკითხზე ძალიან ცალსახად მიუთითებს, რომ ეს ნორმა უნდა შეიცვალოს, რასთან დაკავშირებითაც შესაბამის წესს გვთავაზობს.”ამ წესის, რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტისთვის მიგვემართა იგივე წინადადებით, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს”, – აღნიშნა ბოძაშვილმა.