LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დიდგორი” ხინკალს უკრაინის და რუსეთის ბაზარზე გაიტანს

1180

კომპანია ”დიდგორი” ხინკალს უკრაინის და რუსეთის ბაზარზე გაიტანს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ექსპორტის განხორციელება მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება. ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ მაღაზიათა ქსელებთან.

”აქამდეც ვგზავნიდით მცირე პარტიებს, თუმცა მასშტაბურად, ხელშეკრულების დონეზე ჯერ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე არ გაგვიტანია”, – აღნიშნეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით,  ”დიდგორის” პროდუქცია დამზადებულია ევროპულ ნედლეულზე,  რაც გარანტიაა უსაფრთხო პროდუქციის.

”ჩვენ დავნერგეთ მიკრო ბიოლოგიური ლაბორატორია, რაც უზრუნველყოფს სუფთა პროდუქციის წარმოებას. ყოველდღიურად მოწმდება როგორც შემოსული  ნედლეული, ასევე მზა პროდუქცია ქსელში გასვლამდე.  რაც შეეხება სადისტრიბუცი ქსელს, ის აღჭურვილია მანქანა- მაცივრებით, რაც უზრუნველყოფს საღი პროდუქციის მიტანას ადგილზე”, – განაცხადეს ”დიდგორში”.

როგორც კომპანიაში განმარტეს,  ”დიდგორის” წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: გაყინულ ნახევარფაბრიკატებს, სადაც შედის სხვადასხვა სახის ხინკალი, ხორცის, კარტოფილის და ა.შ.; ასევე, ხორცის პელმენი, სხვადასხვა სახეობის  ბლინები, გაყინული  ღორის ხორცის მწვადი; კიევური კატლეტი, კუპატი, ტოლმა, „ვარენიკი” და სხვა.

”დიდგორის” პროდუქცია მზადდება მისსავე საწარმოში, სადაც ხდება დაფასოება და აქედანვე გადის სადისტრიბუციო ხაზში. კომპანიის გაყიდვების არეალი მოიცავს როგორც თბილისის ქსელურ სუპერმარკეტებს (მათ შორის, ისეთ მსხვილებს, როგორებიცაა: „ფრესკო”, „ფურშეტი”, „ნუგეში” და ა.შ.), ასევე ქუთაისს, ბათუმს და  კახეთის რეგიონს.

ცნობისთვის ”დიდგორი” 2010 წელს დაარსდა.  კომპანია ამ ეტაპზე აწარმოებს პროდუქციის 30 სახეობას.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g