სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ტენდერების წინამოსამზადებელი სამუშაოების უკეთ წარმართვისა და ბაზრის კვლევის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნა შესყიდვის ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი.
კატალოგი ჩაშენდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და იგი მოიცავს ინფორმაციას CPV კოდის, მოდელის, სპეციფიკაციების, საბითუმო ფასების, მწარმოებლების, საგარანტიო ვადისა და მიწოდების ადგილის (რეგიონალურ ჭრილში) შესახებ.
“როგორც ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპი წარმოადგენს შესყიდვების პროცესის საწყის და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაზას, ვინაიდან სწორი დაგეგმვა წარმოადგენს შესყიდვების მთლიანი ციკლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და წარმატებული შესყიდვის ძირითად წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, ბაზრის სრულყოფილად მოკვლევა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. შესაბამისად, სააგენტოს მიერ შექმნილი ახალი სერვისი – ელექტრონული კატალოგი იძლევა შესაძლებლობას, ერთის მხრივ, მოხდეს არაადეკვატური (დაბალი) ფასის გამო შეუმდგარი ტენდერების მინიმიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ადეკვატური ფასის მითითებით, უზრუნველყოფილი იქნას ტენდერების დადებითი შედეგით ჩატარება და სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვა,”- განმარტეს სააგენტოში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, პირველ ეტაპზე, ელექტრონულ კატალოგში განთავსდა კვების პროდუქტების შესახებ ინფორმაცია.
საგულისხმოა, რომ eMarket-ში ინფორმაცია განახლდება ყოველკვარტალურად და სამომავლოდ, მას დაემატება ინფორმაცია შესყიდვის სხვა ობიექტებისა და მიმწოდებლების შესახებ. ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, რათა შესაბამისი ინფორმაცია მათ მიერ ნაწარმოები ან შემოტანილი პროდუქციის შესახებ, წარუდგინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ეს მისცემს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, გაზარდონ საკუთარი კომპანიის ცნობადობა და ოთხი ათასზე მეტ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია.
შესყიდვების ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი eMarket, ოფიციალური ვებსაიტის გარდა, გავრცელდა სოციალურ ქსელში, საინფორმაციო საშუალებებით და დაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს.