LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო 29 წლის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში 50 ადამიანი მოკლა

83

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ადასტურებს, რომ გეი-კლუბ Pulse-ზე თავდამსხმელი ომარ მატინი სამართალდამცველ ორგანოებს კონტროლზე 2013 წლიდან ჰყავდათ აყვანილი.

„FBI-მ ყურადღება მატინს პირველად 2013 წელს მიაქცია, როდესაც მან კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტერორისტებთან გარკვეული კავშირი ჰქონდა,“ – განაცხადა ბრიფინგზე ფედერალური ბიუროს აგენტმა რონალდ ჰოპერმა.

მისი თქმით, მაშინ უწყებამ გადაამოწმა მოწმის მტკიცებულება, ეჭვმიტანილის ჩანაწერები და ორჯერ დაკითხა თავად მატინი. ექტრემისტებთან მისი კავშირი არ დადასტურდა და გამოძიება დაიხურა.

ჰოპერის განცხადებით, მატინი მეორედ აშშ-ში დაბადებული თვითმკვლელი ჯიჰადისტის აბუ სალაჰის საქმეზე შეამოწმეს, სამართალდამცველებს აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა ამ ორ ადამიანს ოდესმე კავშირი. მას FBI-ს აგენტები ესაუბრნენ და დაასკვნეს, რომ მატინისგან საფრთხის მოლოდინი არ არსებობდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მუდმივ კონტროლს ხელი არ შეუშლია ომარ მატინისთვის, იარაღის შეძენაზე ნებართვა ჰქონოდა.

სროლის შედეგად ღამის კლუბ Pulse-ში, ორლანდოში, 50 ადამიანი გარდაიცვალა, 53 დაიჭრა. თავდამსხმელი 29 წლის ავღანური წარმომავლობის აშშ-ს მოქალაქეა, ომარ მატინი, რომელიც შტურმის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამოსვლისას მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

„იმის მიუხედავად, რომ გამოძიება საწყის ეტაპზეა, საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ ვთქვათ : ეს იყო ტერორისა და სიძულვილის აქტი,“ – აღნიშნა ობამამ.

პრეზიდენტის თქმით, სპეციალურმა სამსახურებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ომარ მატინს რაიმე კავშირი ექსტრემისტებთან.

მკვლელის მამამ მირ სედიქმა ტელეკომპანია NBC-სთან განაცხადა, რომ თავდასხმა არ იყო რელიგიასთან კავშირში და სავარაუდოდ, გეების სიძულვილმა ჩაადენინა მის შვილს აღნიშნული დანაშაული.

სედიქის თქმითვე, მისთვის მომხდარი ისეთივე შოკისმომგვრელი იყო, როგორც მთელი ქვეყნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g