LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ წავაგეთ, მაგრამ… ძველი ფეხბურთი, რომელიც მწვრთნელს მოეწონა

355
KJR-2804

ის, რაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, დანიასთან მოხდა. საქართველოს ნაკრები რომელიმე კარგ გუნდთან პერიოდულად თამაშობს 0:0-ს. მართალია ოდესღაც იტალიასთან ნულოვანი ფრე და მერე დეშამის მომავალ მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთთან მიღწეული 0:0 (ქეცბაიას დროს) უფრო წონადია, მაგრამ ამ საქართველოსთვის ეს ფრეც შედეგია.

მით უმეტეს – 1. საქართველო მეორე ტაიმში ჯობდა მეტოქეს და ჩვენ უფრო შეგვეძლო მოგება, ვიდრე მეტოქეს. 2. დანიას აუცილებლად სჭირდებოდა მოგება იმხელა კონკურენციაა ჯგუფში.

ასეა თუ ისე, საქართველომ აიღო ქულა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით ბევრს არაფერს გვაძლევს, მაგრამ განწყობისთვის და საკუთარი ძალების რწმენისთვის მაინც ძალიან კარგია. ბოლო-ბოლო წაგებას ხომ სჯობს.

თანამედროვე ფეხბურთი და ჩარჩენილი საქართველო

მიუხედავად ერთგვარად დადებითი შედეგისა, მაინც რჩება კითხვები და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. იყო ბრძოლა, გუნდური თამაში, სწორი დაზღვევა და რამდენიმე სასიამოვნო ნიუანსი, თუმცა კრიტიკული შენიშვნების საშუალებაც ბევრია.

მთავარი: ჩვენები ისევ შორს არიან თანამედროვე ფეხბურთისგან. ერთი შეხებით პასი რა არის საერთოდ არ ვიცით, ბურთის თრევა ხომ მოუშორებელი ჭირია, საჭირო სივრცის დატოვება, რომ პასი მოგცეს თანაგუნდელმა (გახსნა) არ ხდება, ფეხბურთელი, რომელიც უტევს ჩერდება და უკან იწყებს სვლას, დაცვიდან ბურთი ისევ უმისამართო მოგერიებით ამოგვაქვს, შეტევის დროს პასი ისევ სწორ ხაზზე კეთდება და არა წინ და ა.შ.

გასულ საუკუნეში, 80-იან წლებშიც კი უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობდა რამდენიმე საბჭოდა გუნდი.

ერთი საგულისხმო ეპიზოდი, რაც კარგად აჩენს ჩვენი გუნდის სახეს და შესაძლებლობებს. მეორე ტაიმში სახიფათო შეტევის დროს ბურთი კუთხურის ალამთან, მოედნის ხაზთან ავიტანეთ და… 5 წამში, 2-3 გადაცემით ბურთი მეკარე ლორიას დავუბრუნეთ. ამას ალბათ მსოფლიოს არცერთი თავმოყვარე გუნდი არ იზამს. მაყურებლის უკმაყოფილო რეაქციაც ამაზე მეტყველებს.

ანანიძეზე ცალკე

გასაგებია, რომ შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს და პასუხისმგებელიც ის არის. მართალია ახლა შედეგი ურიგო არ არის და კრიტიკის თქმის საშუალებაც ნაკლებია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას. უთამაშებელზე უთამაშებელი ფეხბურთელ(ებ)ის ნაკრებში გამოძახება, მერე ძირითადში დაყენება და ბოლომდე მოედანზე დატოვება, ან უაზრო ახირებაა ან არაპროფესიონალიზმი. მით უმეტეს, როდესაც ეს შენი ვითომ გამორჩეული ფეხბურთელი (არადა 10 წელია ფეხბურთი არ უთამაშია და ახლა ხომ საერთოდ უბრალოდ ირიცხება ერთ-ერთ მოსკოვურ კლუბში) თამაშს კლავს. პასი და მოედნის ხედვა იყო ჯანოს კოზირი და ამ მხრივაც ძალიან უკანაა (სხვანაირად ვერ იქნება). ბურთის მიღება იქნება თუ ზუსტი გადაცემა, ლამის ყველაფერი ჩააფლავა, საათობით უნდება მოიფიქროს რა გააკეთოს და შეტევებს აფერხებს (შლის), უბრალოდ როგორ შეიძლება გამთამაშებელი ასეთი იყოს. ან რომელი იბრაჰიმოვიჩის და ვან დეიკის ტანზე დგას ანანიძე, რომ ორთაბრძოლებში შევიდეს და ისე შეავიწროვოს მოწინააღმდეგე. როდესაც არ ათამაშებ შვედეთის და დანიის ჩემპიონატების გამორჩეულ ფეხბურთელებს (ხარაიშვილი, ლობჟანიძე), შემაფერხებელი ფეხბურთელის ასეთი სიჯიუტით ძირითადში დაყენება, მინიმუმ კითხვებს ბადებს.

 

ვლადიმირ ვაისი:
საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდში ეს ჩემი საუკეთესო შედეგია. უფრო მეტიც კი, ვიდრე ესპანეთთან მოგებული შეხვედრა, რადგან ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი, თამაში შეტევაშიც გამოვასწორეთ და 2-3 სახიფათო მომენტი შევქმენით.
რომ დანია უმაღლესი დონის ნაკრებია, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდშია, კრისტიან ერიკსენი კი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თანამედროვე ფეხბურთში.
ვფიქრობ, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზეთ. ჩვენ ვაჩვენეთ ხარისხი და ხასიათი. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და გულშემატკივარს, რომელიც შესანიშნავად გვამხნევებდა”.

გურამ კაშია: “ტაქტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ, წინა ხაზის მოთამაშეები 100 პროცენტით დაიხარჯნენ, რითაც მცველებს ძალიან დაგვეხმარნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდად დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ.
გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომები დანიის წინააღმდეგ გამოვასწორეთ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ კორეის წინააღმდეგაც ბევრი მომენტი შევქმენით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ვპროგრესირებთ.
ასევე სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს.”

ოთარ კიტეიშვილი: “ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებს დავუპირისპირდით და ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრე კარგი შედეგია. ამის მიუხედავად, მსურს აღვნიშნო, რომ იყო მომენტები, სადაც უკეთ შეგვეძლო მოქმედება და თამაშის მოგება, მაგრამ ასეთივე შანსები დღეს დანიასაც ჰქონდა.”

 

საქართველო 0:0 დანია

თბილისი, დინამო არენა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, ანანიძე, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია (90’ დაუშვილი), აბურჯანია (86’ გვილია)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, ლობჟანიძე, ხარაბაძე, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, ჯიღაური, კვარაცხელია, შენგელია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

დანია: შმეიხეილი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვეიტი, დოლბერგი (67’ გიტკიაერი), დალსგაარდი, სტრიგერ ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (73’ შონე)

მთავარი მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

გაფრთხილება: 42’ გია გრიგალავა, 87’ შონე, 89’ კაკაბაძე

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო და წლის ბოლო საშინაო შეხვედრას“დინამო არენაზე” 12 ოქტომბერს, ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები