LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუინსი ჯონსი ბათუმში პირადი დაცვით ჩამოდის – ლეგენდარულ მუსიკოსს კინოდოკუმენტალისტები მოჰყვებიან

159

ლეგენდარული მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ქუინსი ჯონსი, რომელსაც მუსიკალურ სამყაროში უამრავი აღმოჩენის ექსკლუზივი ეკუთვნის, აქვს აღებული 28 „გრემი“, თავისი მუსიკალური მოღვაწეობის 6 ათეული წლის განმავლობაში ამავე ჯილდოს 79 ნომინაციაზე გახლდათ წარდგენილი და 1991 წელს „გრემის“ ლეგენდის ჯილდო გადასცეს, საქართველოში ჩამოდის.

ქუინსი ჯონსი ბათუმს 40-კაციანი ჯგუფის შემადგენლობით ეწვევა, სპეციალური პროგრამით – „Global Gumbo All Stars“ ბრწყინვალე მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებსაც ჯონსი მსმენელს წარუდგენს.

ჯაზფესტივალის უკეთეს გახსნას მელომანები, ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ. საიუბილეო, მეათე „ბლექ სი ჯაზფესტივალზე“, 15 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტების სცენაზე, სწორედ ქუინსი ჯონსი დადგება. პროგრამა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდება და ის განსაკუთრებულია. კომპოზიტორთან ერთად ბათუმში უნიჭიერესი მუსიკოსები ჩამოდიან. მათ შორისაა ჯეკობ კოლიერი, რომელიც უამრავ ინსტრუმენტზე უკრავს და ფენომენალურ შემსრულებლადაა აღიარებული, ასევე პიანისტი ალფრედო როდრიგესი თავისი ტრიოთი და რიჩარდ ბონა სრულიად ახალი პროგრამით, რომელიც აფრიკულ და კუბურ მუსიკალურ საწყისებზეა დაფუძნებული. საღამოს თავად ქუინსი ჯონსი გაუძღვება. შესრულდება მისი კომპოზიციებიც, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციებით.

როგორც „ისტერნ პრომოუშენსში“ გვითხრეს, ქუინსი ჯონსის შესახებ ჰოლივუდში ფილმს იღებენ, რომელიც ეკრანებზე 2019 წელს უნდა გამოვიდეს. 84 წლის მუსიკოსის შესახებ აქამდე ორიოდ ბიოგრაფიული ფილმია გადაღებული. თავად ქუინსი ჯონსის მოთხოვნით, კინოდოკუმენტალისტები ბათუმშიც მოჰყვებიან, რათა „ბლექ სი ჯაზფესტივალის“ კონცერტი გადაიღონ. გარდა ამისა, დაგეგმილია პროგრამა, მათ შორის ქართულ რესტორანში სტუმრობა და ქართველი მუსიკოსების მოსმენაც, რაც ფილმშიც მოხვდება.

ბათუმის ჩოგბურთის კორტები, გასულ წელთან შედარებით, სხვანაირად გამოიყურება და იმავე აპარატურითაა აღჭურვილი, რაც რობი უილიამსის და „მარუნ 5“-ის კონცერტებზე გამოიყენეს. შესაბამისად, საუკეთესო გახმოვანება და განათება გარანტირებულია.

მთლიანად ჯაზფესტივალი, რომელიც პროექტის „Check In Georgia“ ფარგლებში იმართება, ათ დღეს გასტანს, ტრადიციული ოთხი დღის ნაცვლად. პროგრამა ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი და სხვადასხვა ჟანრს მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის, ჯგუფი „პროდიჯი“ 21 ივლისს დაუკრავს და მათთვის სპეციალურად, ერთი თვითმფრინავი განათება ჩამოდის…

დავუბრუნდეთ ქუინსი ჯონსის ვიზიტს. ის ბათუმში პირადი დაცვის თანხლებით ჩამოდის, სპეცრეისით. მას, რასაკვირველია, აქვს ვარსკვლავური მოთხოვნები. მათ შორის ის, რომ აუცილებლად საპრეზიდენტო ნომერში უნდა დაბინავდეს, კულისები საუკეთესო ავეჯით უნდა იყოს მოწყობილი. მუსიკოსს თავისი მენიუ აქვს. სხვა მოთხოვნები ტექნიკური ხასიათისაა, რაც უკვე დაკმაყოფილებულია.

ჯონსს უამრავ ცნობილ არტისტთან უთანამშრომლია, მაგრამ განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ მაიკლ ჯეკსონი, რომელთან ერთადაც ის გახლდათ პროდიუსერი მუსიკოსის სამი ალბომისა – „Off The Wall“ (1979), „Thriller“ (1982), „Bad“ (1987). მის სრულიად განსაკუთრებულ პროექტებს შორისაა საქველმოქმედო სიმღერა „We Are The World“, რომელიც მაიკლ ჯეკსონმა და ლაიონელ რიჩიმ დაწერეს, ქუინსი ჯონსი კი ამ პროექტის პროდიუსერი გახლდათ. ამ სიმღერით აფრიკის დასახმარებლად რეკორდული თანხა, 63 მილიონი დოლარი შეგროვდა. ჯონსის ჯილდოებს შორისაა კინოპრემია „ოსკარი“, „ამერიკის მუსიკალური ჯილდო“ და „ხალხის რჩეულის ჯილდო“.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები